არჩილ კბილაშვილი ამნისტიასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის ბალანსის აუცილებლობაზე საუბრობს

არჩილ კბილაშვილი ამნისტიასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის ბალანსის აუცილებლობაზე საუბრობს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამნისტიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსის პოვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკანონო მსჯავრის გამო ამნისტირებულთა რაოდენობა იზრდება,,თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კრიმინოგენური ვითარების გაუარესება არ მოჰყვეს.

„ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო და ხშირად ადამიანის უფლებები ილახებოდა. ამნისტიის კანონპროექტის დღევანდელი რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში 2 500-მდე ადამიანი გათავისუფლდება, ბევრს სასჯელი გაუნახევრდება, 15 000-მდე პატიმარს კი მეოთხედით შეუმცირდება. დღეს უკვე, გარკვეულწილად, უპრეცედენტო ვითარებაც მივიღეთ, რადგან ყველა სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულები და მოწმეები ჩვენებებს ცვლიან. როდესაც ყველა მოწმე ერთნაირად საუბრობს ზეწოლაზე, ეს საგულისხმოა. ეს ნიშნავს, რომ გვქონდა სისტემა, სადაც ყველა მხარე იყო შეზღუდული და პრაქტიკულად თავისუფლება აღკვეთილი“,- განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა პროკურორს დღეს აქვს მკაფიო მითითება, სასამართლო სხდომამდე კიდევ ერთხელ გულდასმით შეისწავლონ საქმე, რადგან პროცესზე დაუსაბუთებელი ბრალდების მხარდაჭერა არ დაუშვან.

„ამასთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ შეიცვალნენ ყველა დეპარტამენტის პირველი პირი, ოლქის პროკურორები, 9 რაიონული პროკურორი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება“, - აღნიშნა კბილაშვილმა.