არჩილ კბილაშვილი:ადამიანისთვის ბრალის წარდგენისას პროკურატურა უკიდურესად დასაბუთებული და ფრთხილია

არჩილ კბილაშვილი:ადამიანისთვის ბრალის წარდგენისას პროკურატურა უკიდურესად დასაბუთებული და ფრთხილია

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის ოფისებში უფლებაშელახული ადამიანების მიერ, შეტანილი განცხადებების რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს.

კბილაშვილის თქმით, 1 000-მდე განცხადება ეხება იმას, რომ ადამიანები პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ჩივიან.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ საპყრობილეებში ცხოვრების წესი იყო დანაშაულებრივი. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ციხეებში გამონაკლისის სახით იყო დაცული ადამიანების უფლებები. ჩვენ ვახდენთ მსგავსი საკითხებისა და იმ პირების დაჯგუფებას, რომლებიც მხილებული არიან ერთნაირ ქმედებებში, რათა ადექვატურად დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, აქამდე უწყებას ყავდა სულ 43 გამომძიებელი საქართველოს მასშტაბით, დღეს კი, მათი რაოდენობა იზრდება, თუმცა არსებობს ადამიანური რესურსების პრობლემა.

„ვცდილობთ, სწორი კომუნიკაციის ხარჯზე გავზარდოთ გამოძიების ეფექტურობა და ღამის 2-3 საათამდე ჩვენს ოფისებში შუქი არ ქრება. გვინდა საზოგადოებამ დაინახოს თუ რა სისტემური კრიზისის ფარგლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემა“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორი ბოლო დროინდელ დაკავებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანისთვის ბრალის წარდგენისას პროკურატურა უკიდურესად დასაბუთებული და ფრთხილია.

„თუ პირი პასუხისგებაშია მიცემული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ის პოლიტპატიმარია, ამიტომ ძალიან ვიწრო გზაა იმისთვის, რომ პირი სამართლებრივ საფუძველზე იყოს დაპატიმრებული აქედან გამომდინარე, ჩვენ გახსნილობის უპრეცედენტო გზა ავირჩიეთ, როცა მივეცით პასუხისგებაში საზოგადოებისათვის მეტნაკლებად საყურადღებო პირი, გავასაჯაროეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო მის დაკავებას“, - განაცხადა კბილაშვილმა.