ალუდა გოგლიჩიძე: შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ

ალუდა გოგლიჩიძე: შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ

სკოლებში მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, სკოლების შინაგანაწესის კონტროლს მანდატურები ვეღარ მოახდენენ.

მისი თქმით, შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ. 

„საზოგადოების მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკვეთა იყო, რომ სკოლებში მომხდარიყო დეპოლიტაზაცია, რისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლდათ მანდატურის სამსახური. მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მანდატურის ფუნქციას გამოაკლდა სკოლების შინაგანაწესის კონტროლი, ასევე შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ. ეს მუხლი იძლეოდა მანიპულირების საშუალებას და იყო პედაგოგებზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. მანდატურების ფუნქცია ზოგადად არ არის შინაგანაწესის კონტროლი. განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლა და დისციპლინის დაცვა, მანდატურის სამსახური მთლიანად მიმართული იქნება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე" - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ. მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები მზადდება სხვა მიმართულებითაც.
როგორც ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, ამ ცვლილებების მიხედვით, აღმოიფხვრება ერთგვარი ორხელისუფლებიანობა სკოლაში, რადგან მანდატურის სამსახური დაქვემდებარებული იყო მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე. ამდენად, სკოლაში გაურკვეველი იყო ურთიერთდამოკიდებულება მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.