მანდატურების  სფერო, შსს-ს კომპეტენციას  ნაწილობრივ სცილდება

მანდატურების სფერო, შსს-ს კომპეტენციას ნაწილობრივ სცილდება

შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით,  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასანიშნად, პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა აღარ მოეთხოვება.

ამ მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა სფერო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მთლიანად სცილდება, რასაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

ამიერიდან, მანდატურების მოსამზადებელი კურსები, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.

გარდა ამისა, სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობით, მანდატური უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს დაესწროს,  სადაც მას სათათბირო ხმის უფლება გააჩნია.

წარმოდგენილი პროექტით კი, ასეთ სხდომებს მანდატურები მიწვევის საფუძველზე დაესწრებიან,  გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნილ საკითხებზე, მაგრამ სათათბირო ხმის უფლება არ ექნებათ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

ამასთანავე, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ნათქვამია, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური პირისთვის“. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, კანონიდან აღნიშნული ბოლო წინადადების ამოღება ხდება.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი „პირადი გასინჯვა“ მასთან დაკავშირებული პროცედურები და ამ მიმართულებით სკოლის დირექტორის ნებართვის და მისი ზედამხედველობის აუცილებლობა ჩნდება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.