მაია ფანჯიკიძე: არსებობს ხელშეუხებელი თემები და აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზე, ამ თემებზე საუბარი არ იქნება

მაია ფანჯიკიძე: არსებობს ხელშეუხებელი თემები და აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზე, ამ თემებზე საუბარი არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე კონფრონტაციული თემები არ იქნება წამოწეული.

აღნიშნულის შესახებ, ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, ძირითადად ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ.

„მოლაპარაკებების პროცესი გვაჩვენებს, რაზე შეიძლება იყოს საუბარი რუსეთთან. არსებობს ხელშეუხებელი თემები და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ყველაფერი ცნობილია ჩვენი რუსი კოლეგებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ თემებს საუბარი არ შეეხება. ტექნიკური დეტალები იქნება არა მხოლოდ პირველი შეხვედრის თემა  არამედ,  შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს, სანამ საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხება უფრო კონკრეტულ საკითხებსაც“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, პირველ შეხვედრაზე გამოჩნდება,  რისი საშუალება არსებობს.

„უნდა ვნახოთ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენ შეიძლება მოვექცეთ. აქ ძალიან მარტივი საკითხები იქნება ჯერ განხილული, მაგალითად, რა სიხშირით იქნება ასეთი შეხვედრები, უნდა იყოს თუ არა მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა თუ უნდა გაფართოვდეს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.