არჩილ კბილაშვილი: სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი, მნიშვნელოვანი თემაა

არჩილ კბილაშვილი: სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი, მნიშვნელოვანი თემაა

სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი მეტად მნიშვნელოვანი თემაა. ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდის დაწყებამდე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავარი პროკურორის თქმით, ამ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ ენიჭება, რაც ცნობილი გახდა, თუ რა მდგომარეობაში იყო ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება საერთო სტანდარტების შემუშავებაზე და სამართალდამცავი ორგანოების მაქსიმალურ გამჭვირვალობაზე" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველიც მონაწილეობს. როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ შეხვედრას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებიან, დადებითი ნიშანია.

„ეს არის პირველი ყველაზე დიდი ცვლილება, როდესაც აღნიშნული სტრუქტურები ხდება გამჭვირვალე და ღია საზოგადოებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლო. ეს არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანია ამ პროცესში უფლებადამცველების მონაწილეობაც. არსებობს ბევრი რეკომენდაცია, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას ეხება და ამ რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია. ვიმედოვნებთ შევძლებთ, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული არასამთავრობო სექტორი" - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში" თემაზე „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში" მრგვალი მაგიდა იმართება. შეხვედრაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში პიტერ ლანგერბერგი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.