მამუკა ჭაბაშვილი: „ჯეოსელის“ საქმეზე  ქიტოშვილის ჩვენებას, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება

მამუკა ჭაბაშვილი: „ჯეოსელის“ საქმეზე ქიტოშვილის ჩვენებას, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი  მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, „ჯეოსელის“ საქმეზე დიმიტრი ქიტოშვილის ჩვენებას, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მთავარი მოწმე სწორედ ქიტოშვილი იყო.

„ქიტოშვილის განცხადებები,  რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას ამ საქმეზე. ქიტოშვილი იყო მთავარი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, განცხადება განცხადებაა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში რას იტყვის ამაზე, როდესაც საქმის მოსმენა შედგება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ფაქტობრივად ეს გადამწყვეტი იქნება“ - განაცხადა  ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, 5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა,  რომ „ჯეოსელის“ ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი,  მისი დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. დღეს, უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს წილი თავის დროზე აბსოლუტურად დამოუკიდებელმა ბიზნესმენმა გურამ გოგუამ შეიძინა.

ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს კი, ქიტოშვილი აცხადებს, რომ მას ეს ჩვენება ზურაბ ადეიშვილის დაკვეთით,  ზეწოლის, მუქარის და სხვადასხვა მცდელობების შედეგად მიაცემინეს.

„ჯეოსელის“ წილების საქმე ერთ-ერთი ბრალდებაა, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.