სასჯელაღსრულების სამინისტრო თენგიზ გ-ს მიერ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო თენგიზ გ-ს მიერ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოქალაქე თენგიზ გ-ს მიერ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ“

„2012 წლის 11 დეკემბერს, მედიის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ თ.გ. 9 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია და რეაგირების გარეშე არ დარჩება.

თ.გ. იმ  პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთა გაჩერება  თავისუფლების აღკვეთის პირობებში პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და მათი გამოჯანმრთელება სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იყო. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა აღნიშნული პატიმრების შეწყალების შუამდგომლობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

საერთაშორისო კვლევების თანახმად სასჯელისგან გათავისუფლებული ადამიანების საშუალოდ 16% კვლავ ჩადის დანაშაულს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მძიმედ დაავადებული პატიმრების შემთხვევაში დაუშვებელია სასჯელისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ მსაჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო.

შუამდგომლობა შეწყალებაზე ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ერთადერთ გამოსავალს, რადგან სასჯელისგან განთავისუფლების სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა 88 მძიმე ავადმყოფი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.

მომავალში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პატიმართა საკითხის შესწავლას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გააგრძელებს, რომლის დაკომპლექტებაც გარკვეულ დროს მოითხოვს“ - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

შეწყალებული პირის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პირი პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც პირზე სისხლის კვალი ჰქონდა.

ბრალდებული ე.წ. "ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა. შსს-ს ინფორმაციით, თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

დღესვე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ 7 დეკემბერს შეწყალებული პატიმარი იმ სიაში იყო, რომელიც პრეზიდენტს სასჯელაღსრულების მინისტრის შუამდგომლობით გადაეგზავნა.