ჯონდი ბაღათურია:  2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და თავდაპირველად,  ესაა მისახედი

ჯონდი ბაღათურია: 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და თავდაპირველად, ესაა მისახედი

„ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით,  რიგი შენიშვნები დაუგროვდა, როგორც პარტიაში, ისე საზოგადოებაში.

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შენიშვნა,  პარლამენტის სხდომების დღის წესრიგის თემები და  საკანონმდებლო ინიციატივებია, რომელიც ახლა,  პარლამენტში იხილება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და შიმშილით იხოცება, თავდაპირველად, ესაა  მისახედი“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიამ ასევე ისაუბრა პენსიონრებზე, რომლებიც გასაჭირში არიან და საპენსიო რეფორმას ელოდებიან, ასევე უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებზე და არაადეკვატურ სასჯელმისჯილებზე.

„ჩვენ გვყავს უკანონო და პოლიტიკური პატიმრები, რომლებმაც 8 წელი გაატარეს ციხეში და ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ამ პატიმართა დიდი ნაწილის გათავისუფლებას ელოდებიან. ეს პატიმრები იყვნენ ჩვენი თანამებრძოლები იმ გამარჯვებაში, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, მთავარი მიზეზი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გველეშაპად ჩამოყალიბდა არის ის, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა აღმოჩნდა მონოპოლისტურ მდგომარეობაში პოლიტიკაში.

„მთავარი რეფორმაა დემოკრატიულობა, სასამართლო რეფორმები, მათ შორის საკადრო რეფორმა, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნა, რადგან პარტიებმა კონკურენტულ გარემოში ურთიერთკონტროლი განახორციელონ“,- განაცხადა  ბაღათურიამ.