„მაუწყებლის შესახებ“  კანონში ცვლილებები შედის

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობის ძირითადი პრინციპები, სტრუქტურა და დაფინანსების წესი, ასევე სიხშირეების მიღებისა და ტელე-რადიო პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეა.

პროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლის შესახებ“ კანონის 76-ე მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი ნორმა, რომლის თანახმად,   მთავრობას 2001 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოემზადებინა წინადადებები აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე, რაც დღემდე არ განხორციელებულა.   

მისი მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს და არ ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო იყოს მაუწყებლის მესაკუთრე (მფლობელი). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია აღნიშნული სტატუსით მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება. 

ცვლილებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა გარდაიქმნას.