თეო ტლაშაძე: დარწმუნებულნი ვართ,  ბიძინა ივანიშვილი ისევ იმ მოსაზრებას იზიარებს, რომელიც ერთი წლის წინ გააჟღერა

თეო ტლაშაძე: დარწმუნებულნი ვართ, ბიძინა ივანიშვილი ისევ იმ მოსაზრებას იზიარებს, რომელიც ერთი წლის წინ გააჟღერა

 "ქართული პარტია“ საელჩოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს. საქმე ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მიერ,  წარდგენილ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა  სიას, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი არ  აღმოჩნდა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თეო ტლაშაძის განცხადებით, ისინი არასამთავრობოებს და საელჩოებს იმ მიზეზისა და  პრობლემის დასადგენად მიმართავენ, რომლის თანახმადაც, ოქრუაშვილმა პოლიტდევნილის სტატუსი ვერ მიიღო.

„ჩვენ, დღემდე ვერ  დავადგინეთ, რა იყო ოქრუაშვილის ამ სიიდან ამოღების მიზეზი. შესაბამისად, დახმარებას ამ პრობლემის გასარკვევად,  არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს  ვთხოვთ. კომისიაში შემავალი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტდევნილის  და შემდეგ ავტომატურად, პოლიტპატიმრის  ეკუთვნოდა, თუმცა  მომენტალურად, მათ ეს მიდგომა  შეცვალეს. აქვე, პასუხს გავცემ გედევან ფოფხაძის განცხადებას. მისი თქმით, ოქრუაშვილი ავანტიურისტია და მისი საქართველოში ჩამოსვლა, ამ ხასიათიდანაა განპირობებული. მინდა ბატონ გედევანს  შევახსენო,  რომ პირველ რიგში, ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  რომლებიც ჩვენს მიმართ, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ,  ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა. შესაბამისად, პოლიტპატიმართა სიიდან  ოქრუაშვილი და ამავე პარტიის წევრები არამხოლოდ  ბესელიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არამედ,  მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით,  ამ დუეტის  წარმატებული მუშაობა გამოიკვეთა“, - განაცხადა ტლაშაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში, ისინი საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრასაც აპირებენ.

„რათა განვუმარტოთ და ავუხსნათ, რომ საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ,  პოლიტდევნილად აღიარებული ოქრუაშვილი,  საქართველოში   ჩამოვიდა და რამდენიმე ადამიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს,  ის პატიმარია და იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო პროცესზე ის პროკურორები არიან წარმოდგენილი, რომლებიც ოქრუაშვილის საქმის „შეთითხვნაში“ მონაწილეობდნენ,  სამართლიანი სასამართლოს უფლებით შეზღუდულია“, - განაცხადა ტლაშაძემ.

ტლაშაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელმა  ხელისუფლებამ ოქრუაშვილის საკითხი უფრო აქტიურად უნდა განიხილოს და აღნიშნავს, რომ  სწორედ, ამიტომ მიმართავენ ქვეყნის პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ  საკითხით უშუალოდ დაინტერესდეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ბატონი ბიძინას გაჟღერერებული განცხადება,  რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი, პოლიტიკური პატიმარიო, ის  დღესაც ასე ფიქრობს და  კომისიაში შემავალი რამდენიმე ადამიანი საკუთარ მოსაზრებებს ბოლომდე ვერ გაიტანს“, - განაცხადა ტრლაშაძემ.

ტლაშაძის მტკიცებით, ოქრუაშვილმა ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და აღნიშნავს, რომ მას არავისგან არ მიუღია რჩევა, თუ როგორ მოიქცეს.

„ოქრუაშვილი ქვეყანაში პირადი გადაწყვეტილებით დაბრუნდა. სასამართლო პროცესებზე თქვენ კარგად ხედავთ, რომ რაღაც  გარანტიები, რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობის მარწუხები სასამართლო სხდომებზე ასე არ იქნებოდა გამოჩენილი“, - განაცხადა  ტლაშაძემ.

კითხვის პასუხად, თუ პოლიტდევნილთა სიიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ამოღება  ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის რამდენიმე წევრმა განაპირობა, მაშინ მათი ფაქტორი, რატომ არ გაითვალისწინა მან საქართველოში ჩამოსვლისას, ტლაშაძე აცხადებს, რომ ეს არაა ისეთი ფაქტორი,  რომლის გამოც, ვიღაც  მთელი ცხოვრება სადმე უნდა ყოფილიყო.

„ეს არ ის ფაქტორი,  რის გამოც,  ოქრუაშვილი საქართველოში  არ უნდა ჩამოსულიყო. მან  მიიღო გადაწყვეტილება,  თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს და  იმედი მაქვს, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, - განაცხადა ტლაშაძემ.