სოფლის მეურნეობის სამინისტროში მექანიზატორთა გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მექანიზატორთა გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს მექანიზატორთა გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ შეხვედრაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში ახალციხის, კაჭრეთის, ქობულეთის, სენაკის, გორის, დიდი ჯიხაიშის და ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში 500 - 570 მემანქანე-ოპერატორი პროფესიული გადამზადების კურსს გაივლის.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მომზადებული შევხვდეთ საგაზაფხულო სასოფლოს-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას“ - განაცხადა შალვა ფიფიამ. მისი თქმით, იგეგმება დიდი ოდენობით თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლესი ტექნიკის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებისა და ათვისებისათვის მექანიზატორების გადამზადება აუცილებელი გახდა, ხოლო თანამედროვე ტექნიკის შემოყვანა და დანერგვა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი მიწის დამუშავებას და ადგილობრივი პროდუქციის ზრდას. აღნიშნულ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასა და შპს „მექანიზატორთან“ ერთად ახორციელებს.

პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ სამინისტროს ინიციატივას და მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ყველა ღონისძიებაში, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები.