სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე, ოქრუაშვილის შემდეგ სასამართლო პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ

სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე, ოქრუაშვილის შემდეგ სასამართლო პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ

სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ წარმოდგენილ მოწმეებს დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ოქრუაშვილისთვის აღნიშნულ საქმეზე პატიმრობის გაუქმების შესახებ სასამართლოს მათი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა.

ოქრუაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ზვიად კორძაძე კი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, გადახედოს პროკურორთა შემადგენლობას, რადგან ბევრ მათგანს არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალა.

„ბევრი მათგანი დღემდე ამბობს, რომ ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებამდე სამართლიანი სასამართლო იყო" - აღნიშნა კორძაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივ გულგრილობაში ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე მომდევნო პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება.