ნაზი ჯანეზაშვილი: კანონში შესატანი  ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხზე ნეგატიურად არ აისახება

ნაზი ჯანეზაშვილი: კანონში შესატანი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხზე ნეგატიურად არ აისახება

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი,  ნაზი ჯანეზაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისზე ნეგატიურად არ აისახება.

შესაბამისად, ის  სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების  ჩარევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები სასამართლოს უფრო გააძლიერებს ვიდრე, შეასუსტებს.

მისივე თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლები ჩარევას ადგილი წინა ხელისუფლების დროს  ჰქონდა და აღნიშნავს, რომ უკვირს, როდესაც სასამართლო ხელისუფლება აღნიშნულზე ახლა საუბრობს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან  კომუნიკაცია და შეხვედრები გვქონდა.  შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, რა თქმა უნდა,  ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით,  ჩვენი მოსაზრება გვქონდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში  იმ ცვლილებების შეტანა, რაც იგეგმება, პოზიტიურია და სასამართლოს უფრო გააძლიერებს ვიდრე შეასუსტებს.

აქ, ძალიან ბევრ საკითხზეა საუბარი, თუნდაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა, ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა  სასამართლო პროცესები გადაიღოს და  გამჭვირვალობის ხარისხი ამით უზრუნველყოს და აშ. ეს და სხვა ძალიან ბევრი ცვლილება შედის კანონპროექტში და ბუნებრივია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა,  ის,  არ არის სრულყოფა,  ბუნებრივია, კიდევ დასჭირდება დახვეწა, რათა დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ,  რომელიც საზოგადოებისთვის  ნამდვილად,   მართლმსაჯულების გარანტიას უზრუნველყოფს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, კარგი ნაბიჯია“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ წინა წლებში, ისევე როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ასევე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკომენდაცია ჰქონდათ, თუმცა აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ, არცერთი რეკომენდაცია არ  გათვალისწინებულა.

„გასულ წელს, კანონმდებლობაში მხოლოდ ძალიან მცირეოდენი ცვლილებები შევიდა, რომელიც რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ სასამართლო სურათს ვერ ცვლიდა“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან  ცვლილებებს პრინციპულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „არსებულ კანონპროექტში არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება და საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ისეთი ჩარევაა მოსალოდნელი, რომელიც მას საფრთხეს უქმნის“, ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება სასამართლო საქმიანობაში ჩარევას არ ნიშნავს.

ყველასათვის ძალიან კარგადაა ცნობილი, სასამართლო საქმიანობაში აღმასრულებელი რგოლი, თუ როგორ ერეოდა, რამდენად დომინანტური როლი ჰქონდა პროკურატურას და მიკვირს, როდესაც სასამართლო ხელისუფლება აღნიშნულზე ახლა საუბრობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თანამდებობრივად წარმოდგენილია და სანამ ცვლილებები განხორციელდება ჯერ-ჯერობით სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ არაერთ რგოლში კიდეცაა . მოსამართლეთა კონფერენციაში, იუსტიციის საბჭოში და სწორედ, მის უფლებამოსილებაზე პასუხისმგებლობის საკითხი იყო, ძალიან ბევრ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრობს, ამ შემთხვევაში , მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქამდე იყო ეს პრობლემა, რომ თავადად მას დომინანტი როლი ჰქონდა და თუ ცვლილებები განხორციელდება, მისი ეს დომინანტი როლი, ასეთი აქტიური აღარ იქნება. შესაბამისად, პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები სხვადასხვა ჯგუფებზე გადანაწილდება და მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.