ნუკრი ქანთარია: ტერმინით „პოლიტიკური სუტენიორი“, მიხეილ სააკაშვილის ლექსიკონი გავამდიდრე

ნუკრი ქანთარია: ტერმინით „პოლიტიკური სუტენიორი“, მიხეილ სააკაშვილის ლექსიკონი გავამდიდრე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მან ტერმინით „პოლიტიკური სუტენიორი“, მიხეილ სააკაშვილის ლექსიკონი გაამდიდრა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა.

„საპარლამენტო უმცირესობაში არის ხალხი, ვინც არ არის ასოცირებული დანაშაულთან და მათთან საუბარი შეიძლება. ისინი ფიქრობენ, მაგრამ ის, რომ მათ რიგებში არიან, თავისთავად თანაზიარი ხდებიან ამ ყველაფრის. მათ შორის არის ახალგაზრდობაც, სწორედ ეს იყო ჩემი სინანულის  ძირითადი მიზეზი. მე მინდა გაგახსენოთ, ვინ შემოიტანა პოლიტიკური ტერმინები - „პოლიტიკური კახპა“, „მუმიები“, „ჯოჯოები“.. ეს გახლდათ „ნაციონალების“ ბელადი სააკაშვილი მიხეილი და მე მხოლოდ რამდენიმე ტერმინით გავამდიდრე მისი ლექსიკონი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არ უნდა მეთქვა „პოლიტკური სუტენიორი“. ეს ძალიან მაღალი პატივი და თანამდებობაა იმ ერთი მუჭა „ნაციონალებისთვის“, რომლებიც ჟარგონულად რომ ვთქვათ არის პოლიტიკური „შპანა“. სხვას ვერაფერს დაარქმევთ მათ“ - განაცხადა ქანთარიამ.

რაც შეეხება ახალგაზრდა პარლამენტარებს, როგორც ქანთარიამ აღნიშნა, პარლამენტში სტუდენტების ადგილი არ არის, რადგან ისინი, შესაძლოა „ფსიქიკურად გაირყვნან“.

„რაც შეეხება გოგონებს, რომლებიც იყვნენ ნახსენები, ახლაც მწამს, რომ პარლამენტის ადგილი სტუდენტებისთვის არ არის. მოზრდილთათვისაც ძალიან ძნელია შეინარჩუნო სახე. მითუმეტეს ახალგაზრდებმა, რომელთა ადგილი უნდა იყოს სასწავლებელში. იქ ირყვნება მათი ფსიქიკა. ისინი ახლა ალბათ ვერ გაიგებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ აღიქვამენ ამ ყველაფერს და ძალიან ზუსტად გაიგებენ ჩემს ნათქვამსაც. სინანულით ვამბობ, რომ ხდება მათი ექსპლუატაცია ამ ერთი მუჭა ხალხისგან, თუმცა ყველას არ ვგულისხმობ. უმცირესობაში არის ხალხი, ვინც სერიოზულად ჩაფიქრებულია იმის გამო, რომ მოხვდა მათ რიგებში“ - განაცხადა ქანთარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტში მოსმენის კულტურის დეფიციტი არსებობს და მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით აღიქვეს.

„მოსმენის დეფიციტი არსებობს პარლამენტში და საერთოდ, როგორც ჩანს, მეტაფორების აღქმის მიმართაც არის გარკვეული დეფიციტი. ამას გამოიწვია ისეთი ასოციაციები, რაც მე არ მიგულისხმია და ალბათ, შესაძლებელი იყო სხვა სიტყვა მეხმარა, ვიდრე ვთქვი“ - აღნიშნა ქანთარიამ.