სამართალდამცველებმა „პრივატბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს

სამართალდამცველებმა „პრივატბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „პრივატბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, რუსთავში, კოსტავას #24 -ში მდებარე „პრივატბანკზე" განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, 1991 წელს დაბადებული ლაშა ბ. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს,საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების  სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაშა ბ-მ თანამზრახველთან ერთად ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა.

ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა და მათი ქმედება, „პრივატბანკის" შიდა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის თანამონაწილე პირის ვინაობაც დაადგინეს. ამ ეტაპზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა ბ-ს  8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.