დავით სერგეენკომ ე.წ. 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტსა და ახალი მთავრობის მიერ, პროგნოზირებულ პაკეტს შორის განსხვავებები განმარტა

დავით სერგეენკომ ე.წ. 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტსა და ახალი მთავრობის მიერ, პროგნოზირებულ პაკეტს შორის განსხვავებები განმარტა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგენკომ  ე.წ. 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტსა და ახალი მთავრობის მიერ, პროგნოზირებულ პაკეტს შორის განსხვავებები განმარტა.

„პროგნოზირებული პაკეტი არ არის 5-ლარიანი პაკეტი. ეს არის ე.წ. მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ლოტისგან. პირველი მოიცავს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ულიმიტოდ და ამავე ლოტში შედის საბაზო სამედიცინო გამოკვლევები,  როგორიც არის ელექტროკარდიოგრამა, სისხლის, შარდის საერთო ანალიზი და ა.შ. ხოლო მეორე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს გარკვეული ლიმიტის ფარგლებში. განსხვავება ამ პროგნოზირებულ პაკეტს და ე.წ. ორი წლის წინანდელ 5-ლარიან პაკეტს შორის რამდენიმე ფაქტორია. ძირითადი სხვაობაა შემდეგი: 1. ორი წლის წინანდელი ე.წ. 5-ლარიანი პაკეტი მოიცავდა თანაგადახდას. 2. მაშინ არ იყო ასე განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია და მოსახლეობას კითხვები უჩნდებოდა. 3. თვითონ პაკეტის შემადგენლობა არ იყო ოპტიმალური. ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი კი, ყველა ანალიზის მიხედვით წარმატებული იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროგნოზირებული პაკეტი მოიცავს მინიმალური სამედიცინო დახმარებას და არ იქნება 5-ლარიანი გადასახადი - გადახდილი იქნება არა 5 ლარი არამედ იმდენი, რამდენიც დასჭირდება ამოცანის შესრულებას“,- განაცხადა სერგენკომ.

 რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტის დაფინანსების წყაროებს, მინისტრის თქმით,  მოსახლეობის იმ ნაწილს,  რომელსაც დღეის მდგომარეობით არანაირი სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნია, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი დააზღვევს, ხოლო იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც უკვე სარგებლობს სადაზღვევო პაკეტით, კერძო სადაზღვევო კომპანიები გააგრძელებენ.