სანდრო ბარამიძე: კანონმდებლობაში ისეთი მექანიზმების შეტანა გვსურს, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების  ჩარევას გამორიცხავს

სანდრო ბარამიძე: კანონმდებლობაში ისეთი მექანიზმების შეტანა გვსურს, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის თაობაზე კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ, გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს.  ბარამიძის განცხადებით, სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლები ჩარევას ადგილი წინა ხელისუფლების დროს  ჰქონდა.

„ჩვენს კანონმდებლობაში ისეთი მექანიზმების შეტანა გვსურს, რომელიც ჩარევას გამორიცხავს. გვინდა, პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტების შექმნა“,- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, დღეს კანონმდებლობაში შეუსაბამოებები არსებობს.

„კომპლექტაციის წესი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების მხრივ არსებობს, ჩემი ღრმა რწმენით, ანტიკონსტიტუციურია. სწორედ მათი აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება, რომლებიც პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან  ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრინციპულად არ ეთანხმება.

კუბლაშვილის თქმით,  არსებულ კანონპროექტში არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება და საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ისეთი ჩარევაა მოსალოდნელი, რომელიც მას საფრთხეს უქმნის.