ელისო კილაძემ ციხეებთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები და ვიდეოფაილები ჟურნალისტებს გადასცა

ელისო კილაძემ ციხეებთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები და ვიდეოფაილები ჟურნალისტებს გადასცა

გლდანის #8 საპყრობილეში ფარული მიყურადების ოთახი დღესაც მუშაობს - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ელისო კილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კილაძემ ჟურნალისტებს დღეს 2010-2011 წლებში გაკეთებული აუდიოჩანაწერები გადასცა, რომელშიც როგორც პატიმრების, ასევე ციხის თანამშრომელთა სატელეფონო საუბრები არის ჩაწერილი. ასევე, კილაძემ მედიის წარმომადგენლებს გადასცა ვიდეოფაილები, სადაც ასახულია ციხეებში თვალთვალის კადრები. მისი თქმით, აღნიშნული მასალა ლადო ბედუკაძემ გადასცა. კილაძის განცხადებით, ფაილები იმ სერვერიდან არის მოპოვებული, რომელზეც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ დაკარგულია.

„ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა დღესვე ჟურნალისტებს ლადო ბედუკაძის მიმართვა გააცნო. ბედუკაძე მიმართვაში აცხადებს, რომ მე-8 საპყრობილეში მიყურადების ოთახი ისევ მუშაობს. მიმართვაში ბედუკაძე განმარტავს, რომ აღნიშული აუდიომასალა ციხის მოქმედმა თანამშრომელმა გადასცა, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, მიყურადების ოთახს განაგებდა სამი ადამიანი, რომლებიც საპყრობილის თანამშრომლები არ იყვნენ - რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და ზაურ ბიწაძე. ბედუკაძის ინფორმაციით, აპარატურა და ვიდეოკამერა 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ავთო შანთიძემ დაამონტაჟა, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, ხოლო მის ადგილზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გიორგი გვენეტაძეა დანიშნული.

ელისო კილაძე აღნიშნული ვიდეო და აუდიომასალის პროკურატურისთვის გადაცემას გეგმავს. ის ასევე მოუწოდებს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, შევიდნენ საპყრობილეებში და შეისწავლონ ამ კუთხით არსებული სიტუაცია.