გარდაბანში პედაგოგებმა უფასო ავტობუსის გაუქმება გააპროტესტეს

გარდაბანში პედაგოგებმა უფასო ავტობუსის გაუქმება გააპროტესტეს

გარდაბანში 12 საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ და  მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბნენ.

მასწავლებლები ქალაქ გარდაბანსა და გარდაბნის მიმდებარე სოფლებში უფასო ავტობუსის გაუქმებას აპროტესტებდნენ.

პედაგოგთა ცნობით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ განუცხადა, რომ 12 დეკემბრიდან 2013 წლის დასაწყისამდე ავტობუსით მგზავრობა უფასო აღარ იქნებოდა და მათ მგზავრობის ღირებულების გადახდა თავადვე მოუწევდათ.

გაფიცული მასწავლებლების განცხადებით,  ორი კვირის განმავლობაში ავტობუსს 640 ლარის საწვავი სჭირდება, რაც საკმაოდ მიზერული თანხაა და მისი გამოყოფა ბიუჯეტს არ უნდა გასჭირვებოდა.

პედაგოგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხურცილავა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი შეხვდნენ.

მათი განცხადებით, გარკვეული გაუგებრობა მოხდა და ხვალიდან გარდაბანსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო ტრანსპორტი აღდგება და პედაგოგებს უფასო ტრანსპორტი კვლავ მოემსახურება.