ნდობის ჯგუფის წევრი დავით საგანელიძე იქნება

ნდობის ჯგუფის წევრი დავით საგანელიძე იქნება

ნდობის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე იქნება.

მმართველმა გუნდმა საგანელიძის კანდიდატურა ბიუროს უკვე წარუდგინა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და უმცირესობის მიღმა დარჩენილი ფრაქცია საკუთარ კანდიდატურას მომავალ კვირას წარადგენენ.

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი  არის  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი,  ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.