პარლამენტში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით კანონპროექტი შევიდა

პარლამენტში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით კანონპროექტი შევიდა

პარლამენტში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.

პაკეტში გაერთიანებულია სამი კანონპროექტი. კერძოდ ცვლილებები შედის -  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უქმდება იძულებით მკურნალობისთვის თავის არიდებისა და პირადი მოხმარებისასთვის ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვისა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.       

ამასთან, ცვლილება ეხება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის გადაზიდვის, ან გადაგზავნისთვის დაწესებულ სანქციებს. სანქცია განისაზღვრება ასევე აღნიშნული ქმედების გასაღების მიზნით განხორციელების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, კანონპროექტით, ახლებურად ყალიბდება კოდექსის 45-ე მუხლი და განისაზღვრება ჯარიმები სისხლის სამართლებლვი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობამდე კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

კერძოდ, იცვლება ჯარიმის სიდიდე შემცირების კუთხით, თუმცა განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის ჯარიმა გაიზრდება 600 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედებისთვის რომელიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისთვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი დაჯარიმდება 3 500 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.