რიჩარდ ნორლანდი: განუხრელად მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას

რიჩარდ ნორლანდი: განუხრელად მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ გვერდში უდგას ყველა მოქალაქეს,  აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს.

მისი  შეფასებით,  მთავრობები,  რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ,  უფრო მშვიდობიანი და წარმატებულნი არიან და სხვა ქვეყნებს უკეთეს მეზობლობას უწევენ.

„განუხრელად მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. გვერდში ვუდგავართ ყველა მოქალაქეს,  აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. აშშ მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში,  მათ შორის, თითოეული ადამიანის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების,  ლოცვისა და ლიდერთა არჩევის უფლებას მისი სქესის, რასის, რელიგიის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის,  ფიზიკური ან მენტალური უნარშეზღუდულობის განურჩევლად. გვჯერა, რომ მთავრობები, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ, უფრო მშვიდობიანნი და წარმატებულნი არიან და უკეთეს მეზობლობას უწევენ სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა  ნორლანდმა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს  10 დეკემბერს, აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის, საფრანგეთის,  ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის საკითხებზე რამდენიმე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა.

 აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას გაუძღვა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უმცირესობათა, კანონის უზენაესობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე ცვლილებები, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.