პარლამენტი გიორგი აბდალაძის, ზურა ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის ფოტო გამოფენას მასპინძლობს

პარლამენტი გიორგი აბდალაძის, ზურა ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის ფოტო გამოფენას მასპინძლობს

პარლამენტი ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურა ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის ფოტო გამოფენას - „არ არის სურათი, არ არის დემოკრატია“ მასპინძლობს.

გამოფენა ავტორებმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გახსნეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება. გამოფენაზე კი, 60-მდე ფოტოა წარდგენილი და ის 7 ნოემბრისა და 26 მაისის მანიფესტაციების დაშლას ასახავს.

გამოფენაზე სიტყით უსუფაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ  ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება და ეს გამოფენაც ადამიანის უფლებების დაცვას მიეძღვნა.

მისი თქმით, ეს გამოფენა იმის დემონსტრიტრებაა, რომ ქართული სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ შედგა, რადგან ქვეყანაში, სადაც ასეთი ამბები ხდება არ შეიძლება ცივილიზებული და თანამედროვე სახელმწიფო ეწოდოს.

„ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენი სამშობლო სახელმწიფოდ ვაქციოთ, რომელიც ჩვენ დაგვიცავს და ისეთ სასაკლაოებს არ მოგვიწყობს, რომელიც ამ გამოფენაზეა ნაჩვენები. სამწუხაროდ, ეს უბედურება, უახლოესი ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე მოხდა და იმ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომელიც თვლიდა, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდებოდა, მაგრამ იყო 26 მაისი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ხვალ მსგავსი რამ არ განმეორდეს“, - აცხადებს სპიკერი.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ახალი ხელისუფლება მსგავსი ფაქტების განმეორებას არ დაუშვებს.

„არ მინდა, რომ ამ ფოტოების ავტორების გვარები დავასახელო, რადგან ისინი საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების საქმით გაიცნო და ალბათ, ასეც დარჩება.   ამ ადამიანებმა  სისასტიკე ასახეს, მაგრამ მათ სახელმწიფო არანაკლები სისასტიკით გაუსწორდა იმისათვის, რომ მათ ეს სიმართლე დაგვანახეს ჩვენ და მთელ მსოფლიოს.  ამ რეპორტიორებს, ბრალი წარუდგინეს თითქოს არასწორი წამები და კადრები დააფიქსირეს, არადა ეს წამები, იყო, მოხდა და ჩვენც მომსწრენი და მონაწილეები ვიყავით. მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და მინდა ისიც ვთქვა, რომ რეპორტიორებს და იმ  ადამიანებს,  რომელთა მოვალეობაა  მიმდინარე მოვლენები აღწერონ, ახალი ხელისუფლების სახით მათ პარტნიორი ჰყავთ, რომელიც მსგავს ფაქტებს, არათუ დაუშვებს, არამედ იმას არ დაუშვებს, რომ ვინმემ მათ რაიმე დაუშაოს“, - დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გამოფენა ფოტორეპორტიორებმა თბილისშიც გამართეს. ქუთაისში გამოფენის ჩატარების ავტორი კი , from.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება „ფოტორეპორტიორების საქმეს“, ირაკლი გედენიძე, ზურა ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე გასულ წელს, ჯაშუშური ქმედებების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ისინი წინა ხელისუფლების მიერვე გათავისუფლდნენ.