ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს განახლდება

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს განახლდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 დეკემბერს, 10:00 საათზე განახლდება.

დღევანდელი პროცესი ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასრულდა. როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალ პროცესზე სხვა მოწმეების დაკითხვა იგეგმება. ამასთან, ადვოკატის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მოწმეებს გამოძიების პროცესში „კოპირებული“ ჩვენებები ჰქონდათ მიცემული.

„სასამართლო პროცესზე მე პირველ მოწმეს სხვისი ჩვენება წავუკითხე და ვკითხე, არის თუ არა ეს მისი ჩვენება. ის დამეთანხმა. რეალურად კი სხვა მოწმის ჩვენება წავუკითხე. გამართლდა ის, რასაც ვამბობდი, რომ ჩვენებები არის კოპირებული“ - განაცხადა კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, ასევე მეორე მოწმის ჩვენებით გაბათილდა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან იარაღის სამალავს უკავშირდებპოდა.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა შიდა ქართლის კონტრდაზვერვის სამსახურის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ზურაბ ვანიშვილი და გიორგი დავითაშვილი. ზურაბ ვანიშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დაინახა, თუ როგორ მოქმედებდა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთ-ერთ სახლში გარკვეული ჯგუფი, რომელიც ემზადებოდა საქართველოში გადმოსასვლელად და ამ მიზნით მიწაში დაფლეს რამდენიმე ყუთი. ამასთან, მოწმის ინფორმაციით, ის ადგილზე ორ თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო უკან მარტო დაბრუნდა.

მეორე მოწმემ გიორგი დავითაშვილმა კი აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საზღვრიდან თავის ორ თანამშრომელთან ერთად დაბრუნდა. აღნიშნული განცხადებები ადვოკატებმა უზუსტობად მიიჩნიეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს პროკურორების აცილება. კერძოდ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის გამოძიებაში და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მიკერძოებულები არიან, მთელი პროცესის განმავლობაში შეიმჩნეოდნენ დაცვის მხარის მიმართ არაეთიკურ გამონათქვამებში. თუმცა ადვოკატების აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ მოითხოვა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას აცილება, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, გიორგი დავითაშვილის ჩვენებებს დარბაზში ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა დაეხურა. დარბაზიდან დაითხოვეს ყველა დამსწრე პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ირაკლი ოქრუაშვილს და 7 პირს ბრალად წაყენებული აქვთ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს კი ამ დაჯგუფის მეთაურობა. ასევე, მათ ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახავა-ტარებას.