კახა ბუცხრიკიძე მზადაა, ციხის კადრებში მისი ხმის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, დეპუტატის იმუნიტეტი მოიხსნას

კახა ბუცხრიკიძე მზადაა, ციხის კადრებში მისი ხმის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, დეპუტატის იმუნიტეტი მოიხსნას

დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე მზადაა, ციხის კადრებში მისი ხმის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, დეპუტატის იმუნიტეტი მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარლამენტის დატოვებისკენ კობა დავითაშვილს მოუწოდებს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„8 ნოემბერს კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი ხმა ისმის  ე.წ. ციხის კადრებში. მინდა, განვაცხადო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და ცილისწამება. მიუხედავად ამისა, მე ვითხოვ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზა, გამოვლინდეს კადრების წარმოშობის გარემოებები და ასევე გაირკვეს, არის თუ არა ამ კადრებში არსებული ხმა ჩემი. თუ დადგინდა, რომ ეს არის ჩემი ხმა, მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და პარლამენტის თავმჯდომარეს იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკუთარი ინიციატივით მივმართავ. ხოლო თუ დადასტურდა, რომ ეს არ არის ჩემი ხმა, კობა დავითაშვილმა აგოს პასუხი საკუთარი სიტყვებისათვის და დატოვოს პარლამენტი საზოგადოებისა და ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანისათვის. თუ არ მოხდა ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზა, მე ჩემი ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ორგანიზებას გავუკეთებ ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას. ნათელია, რომ ეს „ქართული ოცნების" ცილისმწამებლური ბინძური კამპანიის გაგრძლებაა. ეს არის მცდელობა, ზეწოლის მეშვეობით პარლამენტარების გადაბირება მოახდინონ. მინდა, გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ"- აცხადებს ბუცხრიკიძე.