ნიკა ჩიტაძე: არაა გამორიცხული რუსეთ-საქართველოსთვის ნაკლებად მტკივნეულ საკითხებზე,   კონსესუსი  მიღწეული იქნას

ნიკა ჩიტაძე: არაა გამორიცხული რუსეთ-საქართველოსთვის ნაკლებად მტკივნეულ საკითხებზე, კონსესუსი მიღწეული იქნას

"საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი, ნიკა ჩიტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის, დიალოგის დაძვრის პროცესად აფასებს.

ჩიტაძის განცხადებით, შესაძლოა, ორივე მხარისთვის ნაკლებად მტკივნეულ საკითხებზე გარკვეული კონსესუსი  მიღწეული იქნას და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, შეხვედრის ძირითადი თემა ეკონომიკური,  კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები იქნება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან რიგი საკითხების მოგვარება რუსეთის ინტერესებშიც შედის.

„პირველ ეტაპზე,  საუბარი შესაძლებელია  ისეთ საკითხებზე იყოს, როგორიც  ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა ანუ  რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაა, ასევე, სატრანსპორტო კავშირ-ურთიერთობების განვითარება ვგულისხმობ, რეგულარული ავიარესიების აღდგენას და  შესაძლებელია,  საუბარი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზეც,  ოღონდ აზერბაიჯანის მხრიდან. როგორც ვიცით, აფხაზეთის მხრიდან, გარკვეული პრობლემები არსებობს.

საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეული განვითარებით,  რუსეთიც დაინტერესებულია. ერთის მხრივ,  თქვან და აჩვენონ ქართულ  და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს, ის არაა ოკუპანტი და საქართველოსთვის  ცუდი არ სურს, რომ მომხრეა დიალოგისა და მოლაპარაკების და მეორეს მხრივ,  ის დაინტერესებულია,  ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, რადგან ამით საქართველოს ეკონომიკა  რუსეთის ეკონომიკაზე მეტად იქნება  დამოკიდებული.  ამიტომაც,  ამ შემთხევაში,  რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს“, - განაცხადა ჩიტაძემ.

რაც შეეხება, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის დეოკუპაციას, ჩიტაძეს ამ ეტაპზე, ამ საკითხების მოგვარება,  ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რუსეთ და საქართველოს შორის, თავდაუსხმელობის შესახებ, ხელშეკრულება  დაიდოს.

„ ალბათ, ქართულმა მხარემ უნდა დააყენოს მოთხოვნა,  რომ რუსეთმა საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს. ეს შემდგომი ეტაპებია. ამჟამად, გარკვეული მიმართულებით შესაძლებელია პერსპექტივები გაჩნდეს,  თუმცა  ქვეყნის დეოკუპაციასთან დაკავშირებით მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილოს და საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაც აღადგინოს. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.