ზვიად ძიძიგური: საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს

ზვიად ძიძიგური: საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ ძიძიგურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლოების დიდ ნაწილს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ დიალოგი დაიწყოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში. ჯერ ნუ ჩავთვლით, რომ პირველივე შეხვედრა იქნება ამის წამალი, თუმცა ეს შეხვედრა ადასტურებს, რომ ეს პროცესი დაიძრა. ვერ გეტყვით ამ პროცესის დაძვრა რა საკითხებით დაიწყება. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხებია ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ მთავარი თემებით დაწყებამ შესაძლოა, ამ პროცესს გარკვეულწილად ზიანი მიაყენოს" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში პროცესი უნდა დაიწყოს იმ საკითხებით, რომლებთან დაკავშირებითაც ორმხირივი ინტერესია.

„ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უკვე გადადგმულია დიალოგის დასაწყებად. საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს და უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვა. რომ არა სააკაშვილის შეცდომები, ვფიქრობ, რომ რუსეთი აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აღიარებდა" - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების პარალელურად, ქართველ დიპლომატებს მართებთ ძალიან დიდი გონიერება იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ნატო-ში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი.