რამაზ საყვარელიძე:  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არსებული დაპირისპირება კონკურენციად ვერ ჩაითვლება

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არსებული დაპირისპირება კონკურენციად ვერ ჩაითვლება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანაბარი კონკურენცია არ არის.

როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, თუ ვითარება არ შეიცვალა, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტი მართლაც არ ეყოლება.

„პოლიტიკური კონკურენციის დეფიციტი საქართველოს ყოველთვის ახასიათებდა. IRI-ს გამოკვლევებს თუ დავეყრდნობით, სადაც ცოტა გადაჭარბებულიც კი არის „ნაციონალების“ 13%, ჩანს, რომ თანაბარი პოლიტიკური კონკურენცია ისევ არ არის. არ არის თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულებაშიც, თორემ ენერგიულობის თვალსაზრისით გაცილებით ენერგიული დღეს ოპოზიციაა, ვიდრე ხელისუფლება. ამიტომ სავარაუდოა, რომ თუ რამე არ შეიცვალა, არჩევნებში ის სურათი, რაც ივანიშვილმა წარმოადგინა, მართლაც დაფიქსირდეს, ან იქნებ კოალიციაში შემავალი პარტიები გაიშალონ და მათ შექმნან კონკურეტული გარემო. თუ არადა, დღეს არსებული დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კონკურენციად ვერ ჩაითვლება“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში მთავრობას სერიოზული კონკურენტი ვერ ეყოლება. პრემიერის თქმით, კოალიციის შიგნით კონკურენცია უნდა გაღრმავდეს, თუმცა გუნდურობის პრინციპი მაინც უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში, შემდგომ არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში მუშაობა. დღეს, ჩვენ გვყავს ოპონენტები ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც კონსტრუქციულ ოპონირებას ვერ ახერხებენ. ისინი აგრძელებენ ძველ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მსვლელობას. მიუხედავად ჩემი მრავალმხრივი მოწოდებისა, ისინი უარს არ ამბობენ ძალადობაზე და უარს ამბობენ ითანამშრომლონ ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებით. მე, როგორც ვხედავ, სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, შემდგომ არჩევნებში ჩვენ სერიოზული ოპონენტი ვერ გვეყოლება. ამისთვის აუცილებელია შიდა კონკურენციის გაღრმავება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გუნდურობა, მაგრამ უნდა გაღრმავდეს შიდა კონკურენციაც“ - განაცხადა ივანიშვილმა.