„ცენტრ-პოინტის“ მშენებლობების საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

„ცენტრ-პოინტის“ მშენებლობების საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ანგარიში  სახელწოდებით,  „ცენტრ-პოინტი ჯგუფი“- ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში“ წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დამცველები,  კომპანია „დექსუსის“ წარმომადგნელები და დაზარალებულები ესწრებოდნენ.

ანგარიშში დეტალურად არის საუბარი „ცენტრ-პოინტის“ დაფუძნებაზე, მის მიერ მშენებლობათა წარმოებაზე და კრიზისულ პერიოდებზე, ანგარიში ლაშა გოგიძემ წარადგინა.

გოგიძის განცხადებით, მშენებლობებით 6 200 ოჯახი დაზარალდა, რომლებმაც ბინათმშენებლობებისთვის 310 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ შეჩერდა 30 ობიქეტის მშენებლობა, 2010 წლიდან კი, „ცენტრ-პოინტის“  მართვა „დექსუსმა“ გადაიბარა, რომელსაც 2013 წლის ბოლომდე დაუმთავრებელი ობიექტები უნდა დაესრულებინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისთვის მხოლოდ 8 ობიექტია დასრულებული, 7 კორპუსის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

გოგიძის განცხადებით,  „დექსუსმა“ დაზარალებულებს მძიმე პირობები წაუყენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე დამატებით 100-200 დოლარის გადახდას გულისხმობდა.

მისი თქმით, აღნიშნული დაზარალებულებისთვის მიუღებელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, კომპანია „ცენტრ-პოინტმა“ ე.წ. პირამიდის სქემა გამოიყენა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციით,  დროულად უნდა მოხდეს ყველა დაზარალებულის საქმის გამოძიება,  აშენებული ბინების დარეგისტრირება და კომპენსაციის გადახდა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით,  ამ საკითხით უნდა დაინტერესებულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა ხელისუფლებასთან კომპანიის ხელმძღვანელი პირების იყვნენ დაახლოებული და აღნიშნული საქმეების განხილვა დღემდე არ მომხდარა.

 გიგაური მიიჩნევს, რომ „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობების საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

თავად დაზარალებულები კი აცხადებდნენ,  რომ ეს არის საქართველოში განხორციელებული ყველაზე დიდი მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურები.