ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე ლალი აფციაურს მოსამართლემ  დარბაზი დაატოვებინა

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე ლალი აფციაურს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატ, ლალი აფციაურს მოსამართლემ სასამართლო დარბაზი დაატოვებინა. ლალი აფციაურს 500 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო,  რაც აფციაურსა  და პროკურორს შორის, შეკამათება მოხდა.

კერძოდ, პროცესზე  მოწმის ზურაბ ვანიშვილის დაკითხვის დროს,  პროკურორმა აფციაურს საპროცესო კოდექსის წაკითხვისკენ მოუწოდა.

შესვენების შემდეგ ლალი აფციაურმა აღნიშნა,  რომ პროკურორის რეპლიკა იყო არაეთიკური და აღნიშნულ საპროცესო კოდექსს  „პროკურორს თავზე დაახევს“.

„პროკურორის განცხადება მოსამართლემ არ მიიჩნია არაეთიკურად. შესვენების შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ აღნიშნულ საპროცესო კოდექსს თავზე დავახევდი პროკურორს, რის შემდეგაც მოსამართლემ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და პროცესიდან გამომაძევა, ამასთან დამაკისრა 500 ლარიანი ჯარიმა“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

რაც შეეხება პროცესს, ირაკლი ოქრუაშვილისა და შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის, ინსპექტორ ზურაბ  ვანიშვილის დაკითხვა,  რომელიც ირწმუნება, რომ 2011 წლის მაისში დაინახა, ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორ მზადდებოდა შეიარაღებული ფორმირებები.

მოწმის დაკითხვა ხმაურით მიმდინარეობს. ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმის ჩვენებაში ბევრი უზუსტობაა. ამასთან, სასამართლო პროცესზე დღეს სხვა მოწმეების დაკითხვაც იგეგმება.

პროცესს  ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები ესწრებიან.