ქსნის მინის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ქსნის მინის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ქსნის მინის ქარხანასთან საწარმოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. სააქციო საზოგადოება „მინის" თანამშრომლები დღეს დილით გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და საწარმოს ხელმძღვანელის შეცვალას ითხოვენ.

მუშა-მოსამსახურეების განცხადებით, საწარმოში უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, ხოლო მათი ანაზღაურება მიზერულია.

აქციის მონაწილეების თქმით, ქარხნის დირექტორი გიორგი მგელაძე მათ პრეტენზიებს არ ისმენს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხელფასების მატებას კი ბოლო 9 წელია პირდება.

ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თავად გიორგი მგელაძე და აცხადებს, რომ 2003 წლიდან დღემდე, თითქმის ყველა საამქროს თანამშრომელს ხელფასი გაუსამმაგდა. მისივე თქმით, მუშა-მოსამსახურეები უფასო კვებით, უფასო ტრანსპორტით და დაზღვევითაც სარგებლობენ, ხოლო ხელფასების მორიგი, 20%-იანი მატება სულ ცოტა ხანში იგეგმებოდა.

გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებლობამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. საწარმოს ადმინისტრაცია კი არ გამორიცხავს, რომ თუ დასაქმებულები სამუშაოზე უარს იტყვიან, შესაძლოა მუშახელი თურქეთიდან ჩამოიყვანონ. „მინის" მეპატრონე თურქული საწარმო „შიშეჯამია".