ნორა კვიციანი და რამდენიმე ყოფილი პატიმარი ნასამართლეობის სტატუსის მოხსნას და ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ნორა კვიციანი და რამდენიმე ყოფილი პატიმარი ნასამართლეობის სტატუსის მოხსნას და ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ნორა კვიციანი და კიდევ რამდენიმე პატიმარი, „პოლიტპატიმრების შესახებ“ კანონპროექტიდან მე-4 მუხლის ამოღებას აპროტესტებენ.

შესაბამისად, ისინი ნასამართლეობის სტატუსის მოხსნას და ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. 

„მე ციხეში სრულიად უკანონოდ გავატარე 6 წელი და 4 თვე და იმედი მქონდა, როცა ციხიდან გამოვიდოდი, პოლიტპატიმრის სტატუსს მივიღებდი. ეს ასე არ მოხდა და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. სად უნდა ვიპოვო სამართალი, უკვე არ ვიცი. იმედი მაქვს,რომ პარლამენტი ჩვენს განცხადებას გაითვალისწინებს და სტატუსი აღგვიდგება“,- განაცხადა კვიციანმა.

კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის ზაზა დავითაიას განცხადებით, 190 კაციან სიაში მოხვდნენ ისეთებიც,  რომლებიც ნაკლებად იმსახურებდნენ მასში მოხვედრას.

„ჩვენს პირად საქმეში ნასამართლევი გვიწერია და ეს ხელს გვიშლის გარკვეულ ურთიერთობებში. მე მინდა, გულისტკივილი და აღშფოთება გამოვთქვა, რომ მე-4 მუხლი, რომელიც რეაბილიტაციას და სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფდა იმ პირებისათვის, ვინც დადგენილების მიღებამდე საპატიმროები დატოვა, კანონპროექტიდან ამოიღეს“,- განცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ.

ცნობისთვის,  პრესკონფერენციას ათამდე ყოფილი პატიმარი ესწრებოდა. ზაზა დავითაიას მტკიცებით, მათი რაოდენობა ბევრად მეტია.