საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე – შსს-ს კონტრდაზვერვის სამსახურის შიდა ქართლის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკითხა.

ზურაბ ბრეგვაძემ 2011 წლის 23-25 მაისს მომხდარი საქმის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, „მან და კიდევ ორმა თანამშრომელმა – გიორგი დავითაშვილმა და ვახტან სარაულმა სამმართველოს უფროსისგან მიიღეს დავალება, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობისა და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით რამდენიმე პირი აპირებდა გადმოსვლას".

ბრეგვაძის თქმით, ისინი გაემგზავრნენ სოფელში, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს და 23 მაისს დაინახეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან 6 პიროვნება გადმოვიდა".

„ეს პიროვნებები ერთსართულიან სახლში შევიდნენ და ჩვენ ამ სახლს ვუთვალთვალებდით. 25 მაისს საღამოს საათებში აღნიშნული სახლი 4-მა პიროვნებამ დატოვა, ამის შემდეგ 8 პირი მოვიდა და სახლიდან სამი ყუთი და სამი ტომარა გამოიტანეს და სახლის სიახლოვეს მიწაში დამარხეს" - განაცხადა ბრეგვაძემ.

მოწმის ჩვენების შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატებმა მას კითხვები დაუსვეს, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ითხოვა, რომ მოწმისთვის წაეკითხა წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული მისივე ჩვენება. მოსამართლემ ადვოკატს ამის ნება მისცა, კორძაძემ წაიკითხა ჩვენება და მოწმეს მიმართა, იყო თუ არა ეს მის მიერ წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რაზეც მოწმე დასთანხმდა.

ამის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს არა ზურაბ ბრეგვაძის, არამედ მისი ერთ-ერთი ოპერატიული თანამშრომლის გიორგი დავითაშვილის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება იყო, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის გამოც მოსამართლემ ორ დამსწრეს სხდომა დაატოვებინა.

გარდა ამისა, დაცვის მხარის ადვოკატი დაინტერესდა სასამართლოში მოსვლამდე მოწმემ ნახა თუ არა პროკურორები, იყო თუ არა პროკურატრურაში და ხომ არ გაიარა მან იქ ტრეინინგი. აღნიშნული შეკითხვები პროკურორმა გააპროტესტა და მოსამართლემ პროტესტი მიიღო.

ამ დროისათვის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს და თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულია 8 პირი, აქედან ოქრუაშვილთან ერთად დაკავებულები არიან იოსებ გიგუაშვილი, გიორგი გაბროშვილი და ხვიჩა საბაშვილი. ასევე, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმალვაში მყოფი 3 პირი - გაბრიელ პავლიაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი და ზაზა ბეთლემიძე.