ირაკლი მენაღარიშვილი: ლავროვის განცხადებებზე ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინი, თუმცა საქმე დადებითი მიმართულებით მიდის

ირაკლი მენაღარიშვილი: ლავროვის განცხადებებზე ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინი, თუმცა საქმე დადებითი მიმართულებით მიდის

საერთაშორისო ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს დადებითად აფასებს.

როგორც მან from.ge-ს განუცხადა, ლავროვის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საუბარი მინიშნებებით უკვე აღარ მიმდინარეობს და პირველი კონტაქტის დამყარება შესაძლებელია.

„უდავოა, რომ ეს გამოხმაურება დადებითი მოვლენაა. ეს უკვე მინიშნებებით საუბარი აღარ არის, როგორც აქამდე, არამედ რუსეთის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის მიერ გაცხადებული პოზიცია. რაც შეეხება მის შინაარსს, ბუნებრივია რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი პირველ ეტაპზე არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ის, რაზეც მან ისაუბრა, არის საავიაციო მიმოსვლის, ვაჭრობის აღდგენა, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაშვება რუსეთის ბაზარზე. ეს სწორედ ის თემებია, რისი გათვალისწინებითაც შეიძლება პირველი კონტაქტების დამყარება“ - განუცხადა from.ge-ს მენაღარიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ლავროვის განცხადებიდან უფრო მნიშვნელოვანი რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ გამოთქმული მზადყოფნა იყო.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები სულ მალე ერთმანეთს შეხვდებიან, ე.ი. პირველი კონტაქტი შედგება. ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინი, მაგრამ ჯერჯერობით, საქმე დადებითი მიმართულებით მიდის“ - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილოს და საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაც აღადგინოს. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.