ნათია იმნაძე: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა

ნათია იმნაძე: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა

ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეებში პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობები და ამ კუთხით მსჯავრდებულების უპირველეს მოთხოვნად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება შეადგენს.

“არასათანადო მოპყრობის ფაქტები ხელისუფლების შემდეგ პრაქტიკულად აღარ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია და პატიმართა უპირველესი მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის მოგვარებას ალბათ გარკვეული პერიოდი სჭირდება, მთავარია, რომ პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება" - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ჰქონდა სექტემბრიდან ნოემბრის პერიოდში პატიმართა მხრიდან ადგილი ციხის თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, იმნაძის განმარტებით, მსჯავრდებულების მხრიდან ძირითადად სიტყვიერი აგრესია ციხის ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების მიმართ ფიქსირდებოდა, რომლებიც პატიმრებს წლების განმავლობაში აწამებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ადამიანებმა ციხეები დატოვეს ვითარება დასტაბილურდა.

სპეციალური ანგარიში სახელწოდებით „2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებული მოვლენები" ეროვნული პრევენციის მექანიზმმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე მოამზადა. 

როგორც ნათია იმნაძე აცხადებს, მონიტორინგი განხორციელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ციხეში, აღირიცხა ყველა პატიმრის საჩივარი და მათი ნაწილი მთავარ პროკურატურაშიც გადაიგზავნა.

ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.