ბიძინა ივანიშვილი: საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში   სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება

ბიძინა ივანიშვილი: საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში მთავრობას  სერიოზული კონკურენტი ვერ ეყოლება და აღნიშნა, რომ უნდა შეინარჩუნონ გუნდურობა, მაგრამ შიდა კონკურენციაც უნდა გაღრმავდეს.

პრემიერის თქმით, კოალიციის შიგნით კონკურენცია უნდა გაღრმავდეს, თუმცა გუნდურობის პრინციპი მაინც უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში, შემდგომ არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში მუშაობა. დღეს,  ჩვენ გვყავს ოპონენტები ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც კონსტრუქციულ ოპონირებას ვერ ახერხებენ. ისინი აგრძელებენ ძველ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მსვლელობას. მიუხედავად ჩემი მრავალმხრივი მოწოდებისა,  ისინი უარს არ ამბობენ ძალადობაზე და უარს ამბობენ ითანამშრომლონ ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებით. მე, როგორც ვხედავ, სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, შემდგომ არჩევნებში ჩვენ სერიოზული ოპონენტი ვერ გვეყოლება. ამისთვის აუცილებელია შიდა კონკურენციის გაღრმავება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გუნდურობა, მაგრამ უნდა გაღრმავდეს შიდა კონკურენციაც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თუ „ქართული ოცნების“ ოპონენტები ასეთი იდეოლოგიით გააგრძელებენ საქმიანობას, ისინი ამოწურავენ ლიმიტს და შემდგომ არჩევნებში არანაირი შანსი არ ექნებათ.