კახა გეწაძე 2011 წლის 23 მაისის ინციდენტის დეტალებს ახმაურებს

კახა გეწაძე 2011 წლის 23 მაისის ინციდენტის დეტალებს ახმაურებს

ზესტაფონის ყოფილი გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის კახა გეწაძე ჟურნალისტებთნ 2011 წლის 23 მაისის ინციდენტის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, 5-7 კაციანი ჯგუფი, რომელთანაც მას 2011 წლის 23 მაისს დაპირისპირება მოუვიდა, მის კონფლიქტში გამოწვევას მანამდეც ცდილობდა.

„შეიძლება ითქვას რომ ისინი იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთში და იმასაც ვფიქრობ, რომ მარტო არ მოქმედებდნენ და მათ აუცილებლად ეყოლებოდათ პატრონი და მიმთითებელი. ეს არ იყო უცბად წარმოშობილი კონფლიქტი და ექსპრომტად ჩატარებული ჩხუბი. ამისთვის 5-6 თვე ემზადებოდნენ. ინციდენტში ჩემს ჩათრევას მანამდეც ცდილობდნენ, მაგრამ როდესაც 5-7 ადამიანი დამიპირისპირდა და ხელიც პირველებმა დამარტყეს, ამ მომენტში ვეღარ გავექეცი და მე არ ვარ ის ადამიანი, რომ პასუხი არ გამეცა" -განაცხადა გეწაძემ.

მისივე განმარტებით, პატრულს მაშინვე არ დაურეკა, თუმცა პოლიციაში განაცხადი ზესტაფონში ჩასვლისთანავე შეიტანა. მაგრამ გამოძიება არ დასრულებულა.

კახა გეწაძე ინციდენტში მონაწილეთა გვარებსაც ასახელებს - კუდ-ის თანამშრომელი გრძელიძე, შუშანია, კვირიკაშვილი, ფოცხვერაშვილი, არაბიძე და ზარდაგანიძე.

„ზარდაგანიძემ ჩხუბი დაიწყო. ის მე გავათავისუფლე სამსახურიდან იმიტომ, რომ ერთი წლის მანძილზე სულ ხუთჯერ იყო ნამყოფი სამსახურში. ამ ადამიანებმა ჩემი ლეგიტიმური იარაღი ამოიღეს მანქანიდან და თქვეს, თითქოს მე იარაღით დავრბოდი. იარაღი იმ დღეს ხელში არ მჭერია, ეს პროვოკაცია იყო შეთითხნილი იმისთვის რომ შემდგომში მანიპულირება მოეხდინათ. მე მივიჩნევდი, რომ ვიყავი დაზარალებული და არა დამნაშავე, საქმეში არ დევს ექსპერტიზის პასუხები - რა ჭრილობები და ჩაქცევები მქონდა. მე მართლა არა ვარ ჯეკი ჩანი და არც ბრუს ლი რომ 7 კაცისთვის ისე „დამეყარა", რომ ისინი ყოფილიყვნენ დაზარალებულები და მე დამნაშავე" -აცხადებს გეწაძე.

მისივე თქმით ითხოვდა გამოძიების გაგრძელებას, რაზეც პროკუატურიდან უარი მიიღო, ხოლო ინციდენტი შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგი არ ყოფილა.

სამართალდამცველებმა კახა გეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ იმერეთის საოლქო პროკურატურას საქმე სამი მუხლით აქვს აღძრული. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 184-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კახა გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი იყო. ორ ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ ის რაონის გამგებლად აირჩია.