დავით დარახველიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დავით დარახველიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.

დავით დარახველიძემ აშშ-ს ელჩს და ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის,  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისთვის.

მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, მათ შორისაა დევნილთა მიღების დღეები.

 დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ მეტი კომუნიკაციისა და ღია ურთიერთობებისთვის მინისტრი და მოადგილეები დევნილ მოსალხეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.

ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დაძლევა პრიორიტეტულია ახალი ხელისუფლებისთვის და სწორედ ამას ემსახურება ბიუჯეტის გაორმაგება, კონკრეტულად დევნილი მოსახლეობისთვის საბინაო საკითხების მოსაწესრიგებლად.

დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობაში ცვლილებების განსახორციელებლად, ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა პრობლემების მოგვარების ირგვლივ დევნილთა განსახლების კრიტერიუმების შემუშავებაზე და სხვა საკითხებზე.

რიჩარდ ნორლანდმა მადლობა გადაუხადა მინისტრს შეხვედრისთვის და ყურადღება გაამახვილა აშშ-ს მთავრობის უცვლელ პოზიციაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანონის აღდგენის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილი მოსახლეობის მხრიდან შენობების თვითნებურად დაკავება და რაპატრიაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები ცენტრის პრობლემები.

აშშ-ს ელჩთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი და აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენელი ჯოშუა ფიშერი, ხოლო სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია.

მხარეები მომავალში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.