პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ერედვის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე დააკავეს.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურაგანცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები ადამიანის დევნისა და ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს, ხოლო ერედვის მუნიციპალიტეტის უფროს სპეციალისტზე ბესიკ კახნიაშვილზე ძებნა გამოცხადდება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 16 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ დიცში, ეგრეთ წოდებულ "ბირჟაზე "იდგნენ ამ სოფელის მკვიდრნი:- ზ. ნ. ზ. მ. და ს. მ. დაახლოებით 18:00 საათისათვის ე.წ. ბირჟასთან გაჩერდა ავტომანქანა "ვაზ 21099". მანქანაში ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი, ამავე მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ზ. ნ-ს მოსთხოვეს გაეხადა და ფეხით შემდგარიყო კოალიცია "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურზე. უარის მიღების შემდგომ მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს ზ.ნ-ს და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. ამ უკანასკნელმა მოახერხა თავის დაღწევა და მიიმალა იქვე არსებული მაღაზიის უკან. კახნიაშვილი, მჭედლიშვილი, გოჩაშვილი და მაისურაძე ცინიკური ტონითა და ყვირილით მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას, რადგან მათ სამი დღით ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული კოალიციის აქციაში. ამ პირებმა შეამჩნიეს ქართული ოცნების მაისურში ჩაცმული, სტიქაროსანი ე. ა. მის დანახვაზე, დაიძახეს „აი კიდევ ერთი არაკაცი"-ო, აგინეს დედა, სცემეს და მიაყენეს სხეულის დაზიანება. ხმაურზე სახლებიდან გამოსული მოსახლეობა შეეცადა პოლიტიკურად მოტივირებული „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაწყნარებას და დაზარალებულის გამორიდებას. კახნიაშვილმა, მჭედლიშვილმა, გოჩაშვილმა და მაისურაძემ უკვე ყოველგვარი მოტივისა და მიზეზის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით ცემეს და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს სახლიდან გამოსულ პირებს-ზ. ვ-ს, მის ვაჟს ბ. ვ-ს, მეუღლეს ქ.მ-ს და მათ სტუმრებს ხ.ს-ს და გ. ს_ს. თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს იქვე მდგომი ხ. ს-ს ავტომანქანის მინა. ნაცემმა პირებმა ისარგებლეს შექმნილი პაუზით და თავი შეაფარეს ერთერთ ბინას, ხოლო თავდამსხმელები ყვირილითა და გინებით ცდილობდნენ სახლის შესასვლელი კარის შემტვრევას. ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა 2 წლის ბავშვი. შეშინებულმა ატეხა ისტერიული ტირილი. შეიქმნა პანიკური სიტუაცია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახლში შეკეტილი პირები დაუკავშირდნენ პოლიციას, აცნობეს მომხდარის შესახებ და ითხოვეს დახმარება. პოლიციის მისვლისას ვითარება უკვე განმუხტული იყო" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.