ქეთი ბექაური: ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალდება მოუხსნეს

ქეთი ბექაური: ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალდება მოუხსნეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალდება მოუხსნეს.

როგორც გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა from.ge-სთან საუბარში განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე  პროკურატურამ სსკ-ის 314-ე მუხლის 1 ნაწილითა და 315-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება უკან გაითხოვა.

„ეს თავიდან ბოლომდე აბსურდული ბრალდება იყო. ამას 2008 წლის 4 სექტემბერს, როდესაც ცოტნე გამსახურდიას ეს ბრალდება წარუდგინეს მაშინაც ვიძახდი. ბრალდება  2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. მაშინ ცოტნე გამსახურდია ოჯახთან ერთად, რუსეთში კერძოდ კი, მოსკოვში ცხოვრობდა  და  7 ნოემბრის მოვლენებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.  მან უბრალოდ,  7 ნოემბერს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება მისცა  ანუ თავისი მოსაზრება და აღშფოთება გამოთქვა ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან სატელეფონო საუბრისას და ეს გახდა საფუძველი ცოტნე გამსახურდიასთვის წარედგინათ ბრალდება ჯაშუშობასა და შეთქმულებაში. მთელი ხუთი წლის განმავლობაში,  საქმეზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და სულაც არ გამკვირვებია, როდესაც პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა და პროკურორმა განაცხადა,  რომ მას ამ ეპიზოდში  ბრალდების არცერთი მოწმე არ ჰყავდა. მივესალმებით იმას, რომ სამართლიანობა აღსრულდა“, - განაცხადა ბექაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია საპატიმროდან 23 ოქტომბერს გაათავისუფლეს. იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. 

გამსახურდიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.