„ქორთიარდ მარიოტში

„ქორთიარდ მარიოტში" თბილისის მედიაკონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" თბილისის მედიაკონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი მედიაში არსებული ვითარების ანალიზი და განვითარების პერსპექტივების დასახვააა.

ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის",  ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით.

მედიაკონფერენციაზე ოთხი ძირითადი თემა განიხილება – მედიის ფინანსური მდგრადობა და სარეკლამო შემოსავლები; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში; ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტები და ქართული მედია; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება.

კონფერენციაზე საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ცვლილებების შესახებ მოხსენება წაიკითხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა მათიას ჰიუტერმა.

მედიის ფინანსური გამჭვირვალობისთვის საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა გაზეთ „რეზონანსის"მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

რთულ მედიაგარემოში წარმატებული ბიზნესპროექტის მართვის შესახებ კონცეფცია წარმოადგინა „პალიტრა მედიის" დამფუძნებელმა ირაკლი თევდორაშვილმა.

საქართველოს სარეკლამო ბაზარი მიმოიხილა კომპანია „პუბლიცის ჰეპტა"-ს კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა ირინა საკიმ.

კონფერენციას მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, ღონისძიებაზე მიწვეული არიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ორგანიზატორების თქმით, მათი სურვილია  მედიაკონფერენცია ყოველწლიურად გაიმართოს.