დავით სერგეენკო: ხუთლარიანი მინიმალური სადაზღვეო პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება

დავით სერგეენკო: ხუთლარიანი მინიმალური სადაზღვეო პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება

ხუთლარიანი მინიმალური სადაზღვეო პაკეტი პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯადაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სადაზღვეო პაკეტი მოიცავს ოჯახის ექიმთან ვიზიტს და გადაუდებელი ამბოლატორიული და სტაციონალური შემთხვევების მართვას.

სერგეენკოს თქმით, ეს არ გადაფარავს 15-ლარიან სადაზღვეო პაკეტს, რომლითაც ამჟამად 0-და 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები, 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოკვეთილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ.

„მინიმალური სახელმწიფო სადაზღვაო პაკეტის უზრუნველყოფა მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არანაირი სადაზღვეო პაკეტით არ არიან უზრუნველყოფილნი. ანუ არსებული სადაზღვაო მომსახურება გრძელდება და დაახლოებით, 2,2 მილიონი საქართველოს მოქალაქე იქნება ამ ახალი მინიმალური სადაზღვეო პაკეტით უზრუნველყოფილი" - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე ცნობით, უკვე მომავალი წლის ივლისიდან, მინიმალური სადაზღვეო პაკეტი შეიცვლება საბაზო სადაზღვეო პაკეტით, რომელიც ოჯახის ექიმის ვიზიტისა და გადაუდებელი შემთხვევების მართვის გარდა, გეგმიურ სამედიცინო მოსახურებასაც მოიცავს.