რუსთავის საკრებულოს მიერ დაფუძნებული „რუსთავის კორპუსის

რუსთავის საკრებულოს მიერ დაფუძნებული „რუსთავის კორპუსის" დირექტორის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირის „რუსთავის კორპუსის" დირექტორის მოადგილე ავთანდილ ჟორჟოლიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილ ჟორჟოლიანი სახელმწიფო თანხის უკანონოდ მითვისების მიზნით, დანაშაულებრივად გაურიგდა  ერთ-ერთი შპს-ს ხელმძღვანელ პირებს. ამ შპს-მ ქალაქ რუსთავში საცხოვრებელ კორპუსს 9 745 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა. აღნიშნული თანხა, შპს-ს „რუსთავის კორპუსი"- სგან გადაერიცხა. რის შემდეგაც ჟორჟოლიანმა, სამუშაოების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, შპს-ს ხელმძღვანელისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების  6-დან 9  წლამდე  ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.