„ინფო ტვ“ მაუწყებლობას წყვეტს, „ინფო 9“ კი მუშაობას აგრძელებს

„ინფო ტვ“ მაუწყებლობას წყვეტს, „ინფო 9“ კი მუშაობას აგრძელებს

„ინფო ტვ“ მაუწყებლობას დღეს საღამოს წყვეტს, სააგენტო „ინფო 9“ კი მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ from.ge-ს „ინფო 9“-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ინფო ტვ“-ის რესურსით, „მეცხრე არხს“ დილის გადაცემა დილის ნიუსი დაემატა და ხელმძღვანელობამ „ინფო ტვ“-ის მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, ელიაშვილის განმარტებით, რესურსი იმისთვის, რომ ორმა ტელევიზიამ სრულფასოვნად იმუშოს, არ არსებობს.

„ინფო ტვ“ და „მეცხრე არხი“ რეორგანიზაციის რეჟიმში არიან და „ინფო ტვ“-ის თანამშრომლების ნაწილი უკვე გადასულია „მეცხრე არხზე“. მას შემდეგ რაც პროგრამები დამტკიცდება, სავარაუდოდ, თანამშრომელთა მეორე ნაწილსაც „მეცხრე არხზე“ ახალ ამპლუაში იხილავთ. „ინფო ტვ“ გაჩერდა, რადგან რესურსი იმისა, რომ ორ ტელევიზიას მაუწყებლობა სრულყოფილად გაეშვა, უკვე აღარ იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ „მეცხრე არხის“ გასაძლიერებლად „ინფო ტვ“-ის რესურსი იქნება გამოყენებული“ - აღნიშნა მანანა ელიაშვილმა.

რაც შეეხება სააგენტოს, მისივე თქმით, იგი მუშაობას ოდნავ განსხვავებული პრინციპით გააგრძელებს.

„ვუბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ დანიშნულებას, ვინაიდან, სააგენტო შეიქმნა ექსკლუზიური მასალის მოსაძიებლად. გადავდივართ განსხვავებულ რეჟიმზე, გვეყოლება ხელფასიანი თანამშრომლებიც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ საინტერესო მასალა აქვს და შეუძლია ჩვენთან ატვირთოს და მისი რეიტინგულობის მიხედვით ანაზღაურება მიიღოს“ - აღნიშნა ელიაშვილმა.