„ქართველ მუსლიმთა კავშირი

„ქართველ მუსლიმთა კავშირი" პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირი" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმებისადმი უკიდურესი შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციის ხასიათი მიიღო. სოფელ წინწყაროში ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი უკანონოდ და აგრესიულად მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. მუსლიმების მისამართით გამუდმებით გაისმის მუქარა და შეურაცხყოფა. სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი სისხლისღვრით ემუქრება მშვიდობიან მუსლიმებს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან, ნებისმიერ ფასად ჩაშალონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა და ალაგმონ მეჩეთი.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის ზოგირთი წევრის არაკომპეტენტური განცხადებები. მოცემული განცხადებები კიდევ უფრო ძაბავს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რის შესახებაც ნაკლებად ინფორმირებულები არიან"- აცხადებენ „მუსლიმთა კავშირში".

განცხადების თანახმად, წინწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის გამართვა დღეს სურთ, თუმცა თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

„აქედან გამომდინარე, მათ, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ განახორციელონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა. მოცემულ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზების მხრივ კრახის ტოლფასად, რაც ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს. ასევე, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსი აქტიურად ჩაერთვებიან და მუსლიმ მრევლს მისცემენ საშუალებას შეასრულონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა. მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოხატოს სოლიდარობა მუსლიმებისადმი. საფრთხის ქვეშ არ დაგვიდგეს რელიგიებს შორის მშვიდობა, საიმედოდ იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება და თითოეული მუსლიმი მოქალაქის უსაფრთხოება" - ნათქვამია „ქართველ მუსლიმთა კავშირის" განცხადებაში.