დათა ახალაიას ადვოკატი  განცხადებას ავრცლებს

დათა ახალაიას ადვოკატი განცხადებას ავრცლებს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევით,  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ნაკლოვანების გამო,  ვერ ვახერხებ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრო - დავით ახალაიას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრების შეფარდების შესახებ განჩინება, რის გამოც მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო შემდეგ გარემოებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის, ა.წ. 04 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა - დავით ახალაიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებ, სასამართლოს განჩინება გახლავთ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი - შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსამართლემ არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ,  წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებზე და მათზე მსჯელობისგან თავის არიდების მიზნით, გაჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა არსებითი საპროცესო დარღვევების შესახებ, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და ცდილობდა სასამართლოს ყურადღების მიპყრობას.

მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს და განიხილოს ბრალდების კანონიერება. ამასთან, უნდა შემოწმდეს, არსებითად ხომ არ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები (სსსკ-ის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - რაც არ განხორციელებულა.

დავით ახალაიას მიმართ დაპატიმრების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, პროკურორებმა ვერ გასცეს პასუხი ვერც ერთ შეკითხვას, რაც ადვოკატის მიერ იქნა დასმული. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ გასცა პასუხი, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები მიუთითებენ იმის შესახებ, რომ მაღალი ალბათობით დავით ახალაიას შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს დანაშაულებრივი ქმედებები - თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

პროკურორების პოზიცია ზემოაღნიშნულზე გახლდათ ის, რომ ჩვენ, ადვოკატებს გადმოგვეცა საქმის მასალები და დასმულ კითხვაზე პასუხიც ამ მასალებში უნდა მოგვეძია. უდავოა, რომ ბრალდების მხარისგან ასეთი პასუხის მოსმენის შემდგომ ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იქნებოდა ადეკვატური.

საქმის მასალების მიხედვით, არც ერთი მოწმე არ აცხადებს, რომ დავით ახალაიამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ბრალდება ეფუძნება ე.წ. „დაზარალებულ და მოწმე პოლიციელთა“ ჩვენებების გამამტყუნებელი მიმართულებით განხორციელებულ ინტერპრეტაციებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, როგორც დანაშაულის დისპოზიციური კრიტერიუმი - შეუსაბამობაშია დავით ახალაიასადმი ინკრიმინირებული ბრალდების საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.

მარტივად რომ ვთქვათ - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების დაკვალიფიცირებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სავარაუდო დამნაშავის მოქმედების მოტივს. მოცემულ შემთხვევაში, დავით ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივ კაბინეტში პოლიციელის ცემაში. იმისათვის, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გამოიკვეთოს პირის ბრალეულობა,  აუცილებელია საჯარო მოხელის ქმედება დაკავშირებული იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან უნდა გამომდინარეობდეს, ასეთი ქმედება ჩადენილი უნდა იქნას მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და, რაც მთავარია - ამ მოხელის უკანონო ქმედება სამსახურებრივ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მაგალითად: დირექტორმა რომ სცემოს მოწაფეს ან მასწავლებელს სწავლის პროცესთან დაკავშირებით, ასეთი ქმედება - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა... საჯარო მოხელემ ბუღალტერს დავთრებთან დაკავშირებით რომ სცემოს - ესეც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა... საჯარო მოხელემ სასამართლოს გადაწყვეტილება რომ არ აღასრულოს ან განზრახ არასწორად აღასრულოს იგი - ესეც ანალოგიური დანაშაულია... თუკი მოხელე პრეტენზიულ მოქალაქეს ჭიტლაყით გაუმასპინძლდება - ასეთი ქმედება აგრეთვე გახლავთ უფლებამოსილების გადამეტება... ხოლო თუკი საჯარო მოხელე გინებისთვის ან სხვა პირადი შეურაცხყოფის მოტივით, ფიზიკურად შეეხება ხელქვეითს ან სხვა ნებისმიერ მოქალაქეს (მიუხედავად იმისა, აღნიშნული განხორციელდება კაბინეტში თუ უღრან ტყეში) - ასეთი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ვინაიდან ძალადობრივი ქმედების მოტივი დაკავშირებული არ არის სამსახურებრივ საქმიანობასთან, „სამსახურებრივ საკითხებთან“.

მოცემულ შემთხვევაში, დავით ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდების მიერ აღნიშნული ქმედება წარმოდგენილია იმ ფაქტობრივ გარემოებად, თითქოს დავით ახალაიამ პოლიციელი სცემა თავის კაბინეტში - ამ უკანასკნელის მიერ რესტორანში ყოფნისას მანდილოსნის შეურაცხყოფის გამო. ცხადია, ასეთი ფაქტობრივი გარემოება ვერ დაკვალიფიცირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად და სახეზეა ფიზიკური დაპირისპირება პირადი მოტივით, რასაც კავშირი არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან.

(აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქ. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის დისპოზიციის არასწორი მისადაგების პრაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეთა სამართალწარმოებისას, ქმედების კვალიფიკაციის სწორი განსაზღვრა და ბრალეული ქმედების ფაქტის არსებობის საკითხის გადაწყვეტა - სისტემურ პრობლემას წარმოადგენს).

სასამართლომ განჩინებაში უკანონოდ მიუთითა, თითქოს „... ყოფილი პოლიციელების: მალხაზ აზარაშვილის, დავით კურცხალიას, ზაზა მესხის ჩვენებები, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს დავით ახალაიას“.

განვმეორდები და ვიტყვი, რომ საქმეში არსებული მასალები - დავით ახალაიას მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლებს არ იძლევა.

ნიშანდობლივია, რომ დავით ახალაიას მიმართ ბრალდება არასწორად არის დაკვალიფიცირებული როგორც სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "თ" პუნქტებით, ასევე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" "ბ" და "გ" პუნქტებით (სსკ-ის 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "თ" პუნქტის რედაქცია გახლავთ შემდეგი - "თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სიცოცხლის ან ჯანმრთლობისათვის საშიში ძალადობთ ან/და ასეთი ძალადობის მუქარით".

გარდა იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ადგილი არ ჰქონია - საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაკითხული პოლიციელების მიმართ არ არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავდა ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების ხარისხს, აგრეთვე გადაწყვეტდა საკითხს, თუ რამდენად საშიში იქნებოდა მიღებული დაზიანებები დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთლობისთვის. თავისუფლების აღკვეთისას სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარა უკავშირდება პირის იძულებას - არ წავიდეს სადმე და იმყოფებოდეს დამნაშავის განკარგულებაში - რასაც მოცემულ საქმეზე არავითარი მტკიცებითი საფუძველი არ გააჩნია.

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის რედაქცია გახლავთ შემდეგი - „თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“.

საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც, ცალ-ცალკე ან ერთობლიობით შესაძლებელი იქნება დავასკვნათ, რომ ადგილი ჰქონდა პირთა ჯგუფის წინასწარ შეთანხმებას თავისუფლების უკანონოდ აღსაკვეთად.

სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" პუნქტის რედაქცია გახლავთ შემდეგი - "მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია - ჩადენილი არაერთგზის".

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია და ამჟამად მოქმედი რედაქცია (მე-15 მუხლი) - სხვადასხვანაირად განსაზღვრავს ჩადენილი ქმედების „არაერთგზისობის“ მცნებას: 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლით, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას“.

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი კი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.

როგორც ხედავთ, კოდექსის მოთხოვნა ქმედების არაერთგზისობასთან დაკავშირებით შეიცვალა შემამსუბუქებელი მიმართულებით, თუმცა, ბრალდების მხარემ და სასამართლომ ამ მნიშვნელოვან გარემოებას - მიუხედავად დამცველის მონდომებისა - ყურადღბა არ მიიქცია. არადა, აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია კვალიფიკაციის კანონიერებასთან:

სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ არაერთგზის დანაშაულს. დავით ახალაია კი არ გახლდათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი, ქმედების „არაერთგზისობის“ მცნების შესახებ ზევით მოგახსენეთ და ამდენად, კვალიფიკაცია გადადის სსკ-ის 333-ე მუხლის 1 ნაწილზე, რომელსაც ესადაგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება - ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ყოველივე აღნიშნული კი გავლენას ახდენს მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის განსაზღვრაზე.

სასამართლომ, დავით ახალაიას დაპატიმრების საფუძვლად განჩინებაში უკანონოდ მიუთითა, რომ ბრალდებული იმალება და არ ცხადდება პროცესის მწარმოებელ ორგანოში.

განვმარტავ, რომ მიმალვაში, შესაძლოა იმყოფებოდეს მხოლოდ ბრალდებული პირი ან ის პირი, რომელიც მიუხედავად დაბარებისა, არ ცხადდება პროცესის მწარმოებელ ორგანოში. დავით ახალაია ა.წ. 02 დეკემბრამდე პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა. 02 დეკემბრის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც იგი პროკურატურაში დაიბარეს - მისთვის ცნობილი არ იყო, რომ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. ბატონი დავითის ოჯახს 01 დეკემბერს გვიან საღამოს გამომძიებლის უწყებით ეცნობა, რომ დავით ახალაია მეორე დღეს - 02 დეკემბერს 17:00 საათზე გამოძახებულია საქართველოს მთავარ პროკურატურაში - "საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად". ვიმეორებ, უწყებაში მითითებული არ იყო, რომ დავით ახალაიას მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად ცნობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, 01 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში უკვე გამოტანილი ყოფილა დადგენილება დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელი ფაქტიც დამალა მთავარმა პროკურატურამ და უწყებაში არ მიუთითა დაბარების რეალური მიზეზი. ამდენად, ა.წ. 02 დეკემბერს, 17:00 საათის მდგომარეობით არავინ იცოდა, რომ დავით ახალაიას მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. ასეთ ვითარებაში, დ. ახალაიას არაპირდაპირი გზითაც რომ გაეგო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ - საზღვარგარეთ მყოფი როგორ მოახერხებდა გამომძიებელთან ან სასამართლოში დროულ გამოცხადებას? ამ რიტორიკულ შეკითხვას რომ თავი დავანებოთ, მოვიყვან მაგალითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან: შეჯდოვიც ვ. Iტალყ 2006 (56581/00 დიდი პალატა); თ. V. Iტალყ ()14104/88) ამ პრეცედენტული მაგალითის მიხედვით - სასამართლო განხილვა ჩატარდა ბრალდებულის დაუსწრებლად, მას არ მიუღია ოფიციალური ცნობა პროცესის ჩატარების შესახებ. მან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ არსებობდა გამოძიების ინტერესი და შემდგომში არაპირდაპირი გზით გაიგო, რომ ბრალდებულად სცვეს, თუმცა არ იცოდა, თუ რა ეტაპზე იყო მისი საქმე. ეს ბუნდოვანება და არაოფიციალური ცოდნა მისი საქმის თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათის, რომ საქმე ბრალდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილიყო. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მიუთითა, რომ: „...პირის ინფორმირება მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თაობაზე არის ისეთი მნიშვნელობის სამართლებრივი ქმედება, რომ ბრალდების შესახებ პირის ინფორმირება უნდა განხორციელდეს პროცესუალური და კანონის ძირითადი მოთხოვნების სრული დაცვით. ამდენად, სისხლის სამართალწარმოებისას პირის ინფორმირების შესახებ პროცესუალური ნორმების დარღვევა სასამართლოს ართმევს ბერკეტს გამორიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ბრალდებულმა იცის მისი პროცესუალური მდგომარეობისა და მოვალეობების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მისი პროცესუალური მდგომარეობის შესახებ ცოდნა-არცოდნის ორაზროვნება - არ იძლევა შესაძლებლობას, საკითხი გადაწყდეს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი, თავის განჩინებაში საერთოდ უგულვებელჰყო ის ფაქტი, რომ დავით ახალაიას ბრალი წარედგინა საპროცესო მოთხოვნათა უხეში დარღვევით. საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: „... ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს ბრალდების დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში“. დავით ახალაიას ბრალი წარედგინა მისი გამოტანიდან 24 საათის ვადის გადაცილებით, რის შესახებაც დაცვის მხარეს გააჩნია უტყუარი მტკიცებულებები:

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დავით ახალაიას ოჯახს ა.წ. 01 დეკემბერს გადაეცა გამომძიებლის უწყება, რომელშიც არ იყო აღნიშნული, რომ ბატონი დავით ახალაიას მიმართ უკვე გამოტანილი იყო დადგენილება ბრალდების შესახებ. უწყებაში აღნიშნული იყო, ბატონი დავითი პროკურატურაში უნდა გამოცხადებულიყო 02 დეკემბერს საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.

დანიშნულ დროს,  ა.წ. 02 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე მე, დავით ახალაიას ინტერესების დამცველი ადვოკატი გამოვცხადდი მთავარ პროკურატურაში. საშვი დაშვებული იქნა დაახლოებით 17 საათსა და 15 წუთზე. საკმაო ლოდინის შემდეგ, 18 საათსა და 50 წუთზე ჩემი მეშვეობით დავით ახალაიას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. გადმომეცა დავით ახალაიას მიმართ ბრალის დადგენილება, რომელიც გამოტანილი იყო 01 დეკემბერს 17 საათზე და 10 წუთზე. ყოველივე აღნიშნულზე შედგა შესაბამისი შესაბამისი ოქმი, რომელიც გამაჩნია.

ამდენად, დავით ახალაიას მიმართ უხეშად იქნა დარღვეული საქ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პირს ბრალი უნდა წაუყენონ ბრალდების შესახებ, დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში.

როგორც სხვა, აგრეთვე ამ საპროცესო მოთხოვნის ამ უხეშ დარღვევაზე სასამართლომ არ იმსჯელა. ამასთან, თავის მხრივ უხეშად დაარღვია საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და განჩინებაში განახორციელა პროკურორის კანონსაწინააღმდეგო განმარტების ციტირება: ...პროკურორი თვლის, რომ მათ მიერ არ იქნა დარღვეული საქ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები“.

მოსამართლე ბ. ბუგიანიშვილმა განჩინებაში აგრეთვე მიუთითა შემდეგი:

„აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) შერჩვის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების სიმძიმესა და ხასიათს... დავით ახალაიას დანაშაულებრივი ქმედება განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას... ვინაიდან დავით ახალაიას ბრალი ედება მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია -ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების ვარაუდი... თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში, ბრალდებულმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პროცესის მონაწილეებზე, საქმეზე საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანოდ. იმ მიზნით, რომ ხელი არ შეეშალოს საქმეზე საპროცესო მიზნების მიღწევას და რათა აღიკვეთოს ბრალდებულის მიმალვისა და შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, სასამართლოს თვლის, რომ ბრალდებულ დავით ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იქნეს პატიმრობა“.

მოსამართლის მიერ განჩინებაში მოყვანილი ზემოაღნიშნული არგუმენტაცია გახლავთ უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დავით ახალაიამ შესაძლოა განაგრძოს ბრალად წაყენებული დანაშაულებრივი საქმიანობა (პოლიციელთა ცემა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა);

2. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროცესის მონაწილეებზე - საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანოდ;

3. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს;

4. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რატომ უკავშირებს ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების სიმძიმესა და ხასიათს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და საერთოდ - დაპატიმრების გამოყენებას.

არც ერთ ზემოთ მოყვანილ საკითხზე სასამართლოს კონკრეტულად არ უმსჯელია და ყოველგვარი ობიექტური ანალიზის, მსჯელობისა და შეფასების გარეშე, უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა დავით ახალაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ქმედებით (და ქმედებათა ერთობლიობით) სასამართლომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნები. მოგეხსენებათ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა შემდგომ ეტაპს წარმოადგენს. თუმცა, ის ფაქტი თუ რამდენად სამართლიანად წარიმართება სისხლის სამართლის საქმისწარმოება - სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე - ამ საკითხმა შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც გამოიწვევს მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობად დარღვევას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის განჩინებიდან დასაბუთების არარსებობის გამო ვერ ვიგებთ:

1. რატომ უნდა იქნეს გამოყენებული დავით ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება;

2. რატომ უნდა იქნეს გამოყენებული მაინც და მაინც პატიმრობა და

3. რატომ არის შეუძლებელი ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების დანიშნულება არის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის სწორი წარმართვა, რასაც მოკლებული ვართ დავით ახალაიას საქმესთან მიმართებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის ა.წ. 04 დეკემბრის განჩინება - დავით ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ - გახლავთ უკანონო და დაუსაბუთებელი.

აქვე მსურს იმპერატიულად აღვნიშნო საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონ არჩილ კბილაშვილის როლი - დავით ახალაიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ „დაპატიმრების განჩინებასთან“ მიმართებით:

მთავარი პროკურორის მიერ ავით ახალაიას წინააღმდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა მიზანმიმართულმა პროპაგანდამ, აგრეთვე მის მიერ ოფიციალური ბრალდების წინმსწრებმა, გამამტყუნებელი მიმართულების სისტემურმა განცხადებებმა, გადამწყვეტი და უარყოფითი გავლენა იქონია დავით ახალაიას მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილებაში მისი დაპატიმრების შესახებ. მთავარი პროკურორის მიზანმიმართულმა, პიროვნების მადისკრედიტირებელმა განცხადებებმა სათანადო გავლენა იქონია მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

აღნიშნული გარემოებით, დავით ახალაიას მიმართ უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნები“, - ნათქვამია დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებაში.