მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შანსი გვქონდა მიგვეღო არჩევნების შემდეგ MAP-ი

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შანსი გვქონდა მიგვეღო არჩევნების შემდეგ MAP-ი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბრიუსელში MAP-ის მიღების დიდი შანსი იყო, - ამის შესახებ პოლონეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის პირველ პირთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ბუქარესტში ვერ მიიღო MAP-ი, მაგრამ მიიღო პირდაპირი განცხადება და ჩაიწერა ეს ნატო-ს ყველა დოკუმენტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

"ეს იყო ნამდვილი გეოპოლიტიკური გარღვევა. შემდეგ შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია. შემდეგ ჩვენ მივიღეთ სტატუსი ასპირანტი წევრების და ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ნატო შედგება ეტაპებისგან და ყოველი ნაბიჯი ჩვენს უსაფრთხოებას აძლიერებს. შემდეგ იყო ჩიკაგოს სამიტზე განცხადება, რომ 2014 წელს ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ამ ყველაფრის ფონზე ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისია ბრიუსელში და ჩვენ შანსი გვქონდა მიგვეღო არჩევნების შემდეგ MAP-ი. იყო დისკუსიები, რადგან ასე მაგრად ჩატარდა არჩევნები, ჩვენ გვქონდა კონსენსუსი ახალ კოალიციასა და პრეზიდენტს შორის, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ნატო-ში. იყო შანსი და ამის შესახებ მე მითხრეს პირადად ძალიან მაღალ დონეზე ყველგან, რომ ჩვენ შეგვეძლო დეკემბერისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გაგვეკეთებინა, უკვე ნახევარი ნაბიჯი, წევრობიდან და მიგვეღო როგორმე ეს "მაპი". სამწუხაროდ, ბოლო თვეების მოვლენებმა და, ამას ვამბობ დიდი დანანებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება გუშინ არ მოგვცა. გუშინ ჩაიარა ისე, რომ პრაქტიკულად ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია. მაგრამ ვფიქრობ ეს გამოსწორებადია, არაფერი არ არის დაკარგული. ვფიქრობ, თუ რაღაცეებს გადავხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში ცოტათი, შევძლებთ, რომ ისევ გავაგრძელოთ წინსვლა. ეს არის საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესებში, მიუხედავად მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საქართველოს წინსვლა არ შეჩერდეს, რადგან ეს ეხება ქართველი ხალხის გრძელვადიან პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის არსებობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის და შვილების მომავალს. ამიტომ აქ პარტიული განსხვავებები არ შეიძლება იყოს. მე არ შემიძლია გახარებული ვიყო, რამე ცუდად თუ მიდის. პირიქით, ეს ცუდი ფაქტი იქნება ყველასთვის. მე ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ თუ სადმე შევფერხდით და წავფორთხიალდით, ეს გადაილახოს და ჩვენ გავაგრძელოთ საქართველოსთვის წინსვლა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით,  მისი მოგზაურობები ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ფონზე, რომ წინ არის ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი. "ვილნიუსის სამიტი გეგმაშია მომავალი წლის ნოემბერში და ამ სამიტზე საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება უნდა მიიღოს. შეიძლება გაჩნდეს პერსპექტივა, რომელსაც უკვე ჰპირდებიან, მაგალითად მოლდოვას, რათა გაჩნდეს პერსპექტივა, რომ გამოვცხადდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად. ამიტომ ახლა რა მოხდება ქვეყნის შიგნით და რა მოხდება ქვეყნის გარეთ, არის გადამწყვეტი საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. იგივე ეხება ნატოს. საქმე ისაა, რომ ჩვენ მუდმივად განვიცდით პროგრესს ნატოში",- განაცხადა სააკაშვილმა