ბაჩო ახალაია: მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე

ბაჩო ახალაია: მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე

სოციალურ ქსელ Facebook-ში წინასწარ პატიმრობაში მყოფი  შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადება გავრცელდა.

  from.ge ბაჩო ახალაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არის ჩემთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო. სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შეიმუშავა ისეთი ცნება, როგორიცაა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხები, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, არასდროს დამირღვევია ეს პრინციპი და ყოველთვის ვმუშაობდი ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იქნებოდა ეს შესყიდვა თუ რაიმე სახის სხვა მოქმედება.

მინდა აღვნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო საქმიანობდა გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით და ინფორმაციის უმრავლესობა იყო ღია, თუმცა, რიგი საკითხებისა, ბუნებრივია, არის საიდუმლო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არც ერთ ჩემ ქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე. საზოგადოებისათვის მინდა განვმარტო, რომ ქვეყანაში არსებობენ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების მქონე პირები და სწორედ მათ დეტალურად ავუხსნი ჩემს პერიოდში განხორციელებულ ყველა შესყიდვას თუ ქმედებას.

ვწუხვარ, რომ საქართველოში გრიფით საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხების გასაჯაროება გახდა ჩვეულებრივი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, მაშინ, როდესაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მსგავსი ქმედება აღქმული იქნებოდა, როგორც სახელმწიფოს ღალატი.

და ბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოქმედებდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპი", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.