"საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი, ნიკა ჩიტაძე ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფორ რასმუსენის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში“, აცხადებს, რომ ის, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა ამის შესახებ, ნატოს წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ და ეს პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ის, რომ საქართველოში კონსესუსი არსებობს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩიტაძის განცხადებით, ეს იმით აიხსნება, რომ როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს.
„ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც ნატოს გენერალურმა მდივანმა კონსესუსზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. ეს განცხადება აიხსნება იმით, რომ, როგორც წინა ასევე ახალი ხელისუფლება და პლუს საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“,- განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, კონსესუსი არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილო ანტლანტიკურ ალიანს საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, რაიმე მოთხოვნები არ გააჩნია.
„ბუნებრივია, მოთხოვნები მოთხოვნებად რჩება. ნატო დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული იყოს რეფორმები და საქართველომ ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს. ნატო არაა მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, ესაა ორგანიზაცია, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება და ეს საერთო ღირებულებები დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალური ღირებულებებია“,- განაცხადა ჩიტაძემ.